კერესელიძე: ''ეს რომანტიკა ჯერ ვერ ამართლებს, თუმცა ცეცაძეს არ ვუშვებთ''
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' პრეზიდენტი დავით კერესელიძე მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა 47 წლის სპეციალისტი პოსტზე რჩება, კერესელიძე ცეცაძის გაშვებას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, ცეცაძემ კლუბიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა, თუმცა კლუბმა არ დაუკმაყოფილა.
შედეგების გათვალისწინებით კლუბში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე დავით კერესელიძემ ''რამაზ შენგელიაზე'' პრესკონფერენცია გამართა. კერესელიძის თქმით, ''სამგურალთან'' მატჩში ცეცაძესა და ერთ-ერთ ქომაგს შორის მომხდარი ინციდენტით უკიდურესად შეძრწუნებული და გაოგნებულია.
''ქუთაისი პოსტი'' კერესელიძის კომენტარს ავრცელებს:
''შოკიდან ახლაც ვერ გამოვდივარ, ასეთი რამ დაუჯერებელია. განსაკუთრებით ის, რომ ეს იმ ლოჟიდან მოხდა, სადაც საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები სხედან, თუმცა არც მწვრთნელის პოზიციას ვამართლებ, არ მომწონს უშვერი სიტყვები მოედანზე. მომხდარით უკიდურესად შეძრწუნებული და გაოგნებული ვარ. თუ ცეცაძე გუნდიდან წავა, ეს პროცესი მხოლოდ მისი შეცვლით არ დასრულდება''.
იმ შემთხვევაში თუ ბევრი ცუდი რამ მოხდება, კერესელიძემ კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე ამის შანსი მცირეა.
"ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი რამ უნდა მოხდეს, რომ დავნებდეთ. ადვილად არ დავნებდებით. ცეცაძის მოყვანის მთავარი მამოძრავებელი სწორედ ის იყო, რომ მას ყოველთვის აქვს შემტევი და ლამაზი ფეხბურთის "რომანტიკა". ეს "რომანტიკა" ჯერ რომ ვერ ამართლებს, დავინახეთ. ჩვენ მერიასთან ხელშეკრულება დადებული არ გვაქვს, კლუბი ჩვენი საკუთრებაა, კლუბი გასხვისებულია და ჩვენ ვართ მესაკუთრე. სულელი უნდა ვიყო, რომ როცა კლუბს ამ მომენტში რვა მილიონზე მეტი ბიუჯეტი აქვს, ეს თანხა ნაგავში გადავყარო".
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ქუთაისის ''ტორპედომ'' 4 მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, შინ გორის ''დილას'' 1:0 მოუგო, თუმცა თბილისის ''დინამოსთან'', ''საბურთალოსთან'' და ''სამგურალთან'' დამარცხდა.
ფოტო: ქუთაისის ''ტორპედოს'' პრესსამსახური