კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში - ბითაძემ ვაშინგტონს 20 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში - ბითაძემ ვაშინგტონს 20 ქულა ჩაუგდო

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გამთენიისას, „ინდიანა“ „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდა და 123-133 დამარცხდა, თუმცა გოგასთვის ეს შეხვედრა მაინც გამორჩეული გამოდგა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23 წუთი და 34 წამი გაატარა და აქტივში 20 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ბითაძისთვის 20 ქულა NBA-ში საუკეთესო შედეგია და აქამდე მისი მაქსიმუმი 17 ქულა გახლდათ. გოგა პარკეტიდან უშეცდომო იყო 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის კალათბურთელმა 17 ქულა პირველ ნახევარში მოაგროვა და მეორე ტაიმში მცირე სათამაშო დრო მიეცა. მატჩის შემდეგ, „ინდიანას“ თავკაცმა, რიკ კარლაილმა განაცხადა, რომ ეს მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, „პეისერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მალკოლმ ბროგდონმა კი დასძინა, რომ გოგა იმსახურებს, უფრო მეტი ასეთი მატჩი ჰქონდეს.

ცნობისთვის, „ინდიანას“ რიგებში ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ ზემოთ ხსენებულ ბროგდონს ჰქონდა - 27 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი. ბადი ჰილდმა 19 ქულა ჩააგდო, ჰალიბერტონი და სმიტი კი 15-15 ქულით გამოირჩნენ. „ვაშინგტონის“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა კრისტაპს პორზინგისმა და 21 წუთში 25 ქულა დააგროვა. კაილ კუზმა 23 ქულას დასჯერდა, ხოლო კალდუელ-პოუპის ანგარიშზე 19 ქულა იყო. ამრიგად, „ინდიანას“ 22 მოგება და 44 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „პეისერსს“ მომდევნო მატჩი 9 მარტს, „კლივლენდის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თელავის უკრაინელი მეკარე: ,,მამამ მითხრა, რომ მშვიდად ვიყო და გუნდი არ დავაღალატო
თელავის უკრაინელი მეკარე: ,,მამამ მითხრა, რომ მშვიდად ვიყო და გუნდი არ დავაღალატო"