პარკეტს თავი დაარტყა | სან ანტონიომ ვემბანიამა დაკარგა და პორტლენდთან წააგო
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ „სან ანტონიო სპურსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ტექსასელებმა საშინაო არენაზე გამართული მეორე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წააგეს და 3 ქულით, 103:106 დამარცხდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობაზე უდიდესი გავლენა ვიქტორ ვემბანიამას გასვლამ მოახდინა. მეორე მეოთხედში ფრანგი კალათბურთელი წაიქცა, პარკეტს თავი დაარტყა და წამიერად გაითიშა. „ვემბიმ“ მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და, როგორც მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, მან ტვინის შერყევა მიიღო.
ვემბანიამას დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ და მომდევნო საათებში გახდება ცნობილი, რამდენ ხანს გამოტოვებს. NBA-ის წესების მიხედვით, ტვინის შერყევის დროს მოთამაშეს მომდევნო 48 საათის განმავლობაში საკალათბურთო აქტივობა აკრძალული აქვს. თუ 24 საათში სიმპტომები არ გაუარესდა, შეუძლია არასაკალათბურთო ვარჯიშები ეტაპობრივად განაახლოს. ამის შემდეგ კალათბურთელს არანაირი სიმპტომი არ უნდა აღენიშნებოდეს და NBA-ის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ექიმმა უნდა შეამოწმოს. მხოლოდ მას შეუძლია კალათბურთელს პარკეტზე დაბრუნების უფლება მისცეს.
ვემბანიამას არყოფნაში „სან ანტონიოს“ რიგებში 18 ქულით სტეფონ კასლი გამოირჩა. დი’აარონ ფოქსს 17 ქულა ჰქონდა, ხოლო დევინ ვესელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა — 16 ქულა, 12 მოხსნა. „პორტლენდის“ რიგებში საუკეთესო სკუტ ჰენდერსონი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეიმ მატჩი 16 ქულით, 9 პასითა და 5 მოხსნით დაასრულა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოსა“ და „პორტლენდს“ შორის ანგარიში 1:1-ია. სერიის მომდევნო ორი შეხვედრა „ტრეილ ბლეიზერსის“ საშინაო არენაზე გაიმართება.