თელავის უკრაინელი მეკარე: ,,მამამ მითხრა, რომ მშვიდად ვიყო და გუნდი არ დავაღალატო
Aa
Aa

თელავის უკრაინელი მეკარე: ,,მამამ მითხრა, რომ მშვიდად ვიყო და გუნდი არ დავაღალატო"

საფეხბურთო კლუბ თელავის კარს უკრაინელი მეკარე, ბოგდან ბეზკროვნი იცავს, რომელიც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაბრუნდა და გასულ ტურებში, ორივე შემთხვევაში, კახეთის წარმომადგენლის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

23 წლის ლეგიონერმა რუსეთ-უკრაინის დაძაბულ პოლიტიკურ ფონსა და გულშემატკივრის ფაქტორზე კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა:

თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა. ჩემი ოჯახი, დედა და უმცროსი და-ძმა კიევიდან დასავლეთ უკრაინაში არიან გახიზნულები, სადაც შედარებით სიმშვიდეა, არ ისვრიან და რაც მთავარია, არ ესვრიან მოსახლეობას. მამა კი კიევში დარჩა, იბრძვის და რაც შეუძლია, ყველანაირად ეხმარება ხალხს, უკრაინას. ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვამხნევებთ. მამა ყოველი თამაშის წინ მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო და ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ არავინ დავაღალატო, რომ ჩემი გუნდისთვის არაფერი დავიშურო და ჩემი წარმატებები მისთვის სიამაყე და ბედნიერებაა. იგივეს მეუბნებიან ჩემი მეგობრებიც. ოჯახსა და  მეგობრებს ჩვენი გუნდის თამაშის ვიდეოს ვუგზავნი, ისინი ამ მძიმე პერიოდშიც კი მიყურებენ და მგულშემატკივრობენ.

ჩემთვის თელავი მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემს კარიერაში პირველი უცხოური კლუბია. ისე, რომ პირველ დიდ წარმატებას, სწორედ თელავთან ერთად მივაღწიე, როცა უმაღლეს ლიგაში გადავედით, სასწაული ემოციები დღემდე განუმეორებელია. დღემდე მომყვება ის სასიამოვნო დრო, თელაველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა. როცა დაბრუნება შემომთავაზეს, მართლაც ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი: მიყვარს თელავი, აქაური ხალხი და გულშემატკივრები.

სიონის წინააღმდეგ გულშემატკივრის შეძახილები მესმოდა, ჟრუანტელი ახლაც მივლის, ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო. არ დავმალავ, თამაშის დროს, სიამაყისგან და ბედნიერებისგან ვიტირე. დიდი მადლობა თანადგომისთვის და ზოგადად, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს: აქ ვარ, ვხედავ და ვგრძნობ ყველაფერს, როგორ გულშემატკივრობთ უკრაინას, ჩემს სამშობლოს, როგორ ემოციურად განიცდით და რეაგირებთ - მადლობა თელავს, მადლობა ქართველებო, გაფასებთ და მიყვარხარ, საქართველო!

ფოტო: საფეხბურთო კლუბი თელავი

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ, მთელი მსოფლიოს გარეშემო პორტსმენების მხრიდან სხვადასხვა განცხადება გავრცელდა და ამის გარდა, მსოფლიოს მშვიდობისკენ არაერთმა საფეხბურთო ლიგამ, მათ შორის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ, მოუწოდა.

მსოფლიომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატა -  რუსეთში მიმდინარე ან დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან ლოკაცია შეიცვალა და ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე რუს სპორტსმენებს აღარ დაუშვებენ.

თელავმა კი რანგით უმაღლესი ლიგის სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო, გამართული მატჩები სიონისა და ლოკომოტივის წინააღმდეგ მოიგო და აქტივში 6 ქულა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ყოველ გატანილ გოლზე ბაბუა 25 თეთრს მჩუქნიდა
,,ყოველ გატანილ გოლზე ბაბუა 25 თეთრს მჩუქნიდა" - კაშიამ ბავშვობის წლები გაიხსენა