ზვიად ლაზიშვილი UFC-ის მებრძოლი აღარაა
UFC-იმ ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია Mma Fighting-მა გაავრცელა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლაზიშვილის დისკვალიფიკაციას უკავშირდება.
იანვარში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ჯონათან მარტინესთან გამართულ ჩხუბამდე ჩატარებულმა ტესტმა ლაზიშვილის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინა და ნევადის სპორტულ კომისიას ზომების მიღება მოუწია.
დისკვალიფიკაცია იმ დღიდან დაიწყო, როცა ზვიადს ტესტი ჩაუტარდა და მას ნევადაში ბრძოლის გამართვა 24 ივლისამდე არ შეეძლო. 5 დღის შემდეგ, მას დისკვალიფიკაცია აშშ-ის ანტი-დოპინგის სააგენტომაც მისცა და 10 თვით დასაჯა.
მომხდართან დაკავშირებით, ლაზიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დისკვალიფიკაცია ექიმის შეცდომის გამო მიიღო. „ოფიციალურად მივმართე ექიმს, რომ კონტროლის ქვეშ ემკურნალათ. ჩემი მთავარი გაფრთხილება იყო, რომ ვარ სპორტსმენი, ნებისმიერ დროს შეიძლება მქონოდა ბრძოლა, ძალიან მკაცრ შემოწმებებს გავდივარ, ამიტომ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტში არ უნდა ყოფილიყო სტეროიდი ან რაიმე კიდევ მსგავსი. მითხრეს - ეს აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული. შედეგად დამინიშნეს ქლომიფენი, რომელიც სტეროიდი არ არის, მაგრამ არის აკრძალული მედიკამენტი. სურვილის შემთხვევაში ამ სასწაული მედიკამენტის გამოწერა შეუძლია ნებისმიერს სულ რაღაც 30$-ად. ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა გადავამოწმე, არ იყო სტეროიდი და მივიღე 100 გრამი, 2 მიღება, თუმცა მკურნალობა იმავე დღესვე შევწყვიტე უკუჩვენების გამო.“
შეგახსენებთ, რომ ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 23 ოქტომბერს გამართა და ჯონათან მარტინესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.