2022 წელს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ფუნქციონირება 2016 წლის 1 მარტს დაიწყო, რომლის არსებობის მიზანი საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო/პრემიალური დაფინანსება გახლდათ.
ცნობილი იყო, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი საქმიანობას 2021 კალენდარული წლის მიწურულს დაასრულებდა, თუმცა CrystalSport-ის ინფორმაციით, ფონდმა კლუბების ნაწილს არსებული რამდენიმე თვის დავალიანებები ამჯერადაც (თუმცა ჯერ-ჯერობით არასრული რაოდენობით), დაუფარა და 2022 წელს ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. როგორც CrystalSport-ისთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს ფონდი ძველი ფორმატით იმუშავებს, თუმცა მომდევნო წლიდან მისი სამუშაო მოდელი შეიცვლება.
ფონდის მნიშვნელობაზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXI ყრილობაზეც შედგა, სადაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ კალენდარული წლის ბოლომდე კლუბების განვითარების სტრატეგია შესამუშავებელი იყო:
,,ცუდად თუ კარგად, ფეხბურთის განვითარების ფონდი თავის საქმიანობას ასრულებს. ვიცით როდის შეიქმნა, რა გამომწვევევი იყო. ფონდი რომ არ ყოფილიყო შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატი საერთოდ ჩაშლილიყო. განვითარების ფონდი ერქვა, მაგრამ განვითარებაზე მეტად ფეხბურთის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული", - ითქვა მაშინ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2016-2021 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა 211 126 949 (ორას თერთმეტი მილიონ ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით განისაზღვრა.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე დაყრდნობითვე, ამავე პროგრამული დაფინანსების მიმღებ კლუბებში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, თითოეულ კლუბთან მიმართებით, ინდივიდუალურად უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება პროგრამის ფარგლებში დაფინანსების თაობაზე.