უკრაინელი სპეციალისტი: ,,უკრაინის ნაკრებმა წიტაიშვილის სახით ბევრი დაკარგა"
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი გასულსი წლის მაისში აიღო და ვილი სანიოლის ფორმაციის გუნდის წევრია.
წიტაიშვილს სხვადასხვა პერიოდში უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2019 წელს კი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფეხბურთელის გადაწყვეტილება ბაბუას უკავშირდება. გიორგის განმარტებით, სწორედ მან ითამაშა დიდი როლი, ჩაეცვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა.
წიტაიშვილის გადაწყვეტილების შესახებ, უკრაინელმა სპეციალისტმა, ალეკსანდრ ბაბიჩმა, ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა:
ვფიქრობ, რომ დღეს, წიტაიშვილი, საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში, ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. ის დამწყები აღარ არის და პრემიერლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს. ჩერნომორეცის მთავარი მწვრთნელი მას სხვადასხვა პოზიციებზე ცდის, თუმცა ცხადია, რომ გიორგი მეტად შედეგიანი შეტევაში იქნება.
ის იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომელსაც მეტოქის ერთი ერთზე მოტყუება შეუძლია და მოდი, გულახდილები ვიყოთ, ასეთი ტიპის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში არც ისე ბევრია. როგორც მივხვდი, მწვრთნელი მას სხვადასხვა პოზიციაზე ცდის. პირადად მე, წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბის როლში ძალიან მომწონს.
ყველაფერი მაინც გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემი აზრია, რომ გიორგი ჩერნომორეცს და არა მხოლოდ ამ გუნდს, ძალიან გამოადგებოდა.
უკრაინის ნაკრებმა გიორგის სახით ბევრი დაკარგა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, წიტაიშვილი უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი აუცილებლად გახდებოდა. ყველა ფეხბურთელს ევროპაში თამაში სურს და შესაძლოა, მას ამაში საქართველოს ნაკრები უფრო სწრაფად დაეხმაროს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი გასული წლის სექტემბერში შედგა.
გიორგიმ კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. აღნიშნული მატჩი ბათუმში გაიმართა და კოსოვოს სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-1 დასრულდა.