ლინეკერი: „ოქროს ბურთს იამალი იმსახურებს“
„პარი სენ-ჟერმენისთვის“ გასული სეზონი ტრიუმფალური გამოდგა - დედაქალაქურმა გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასიც ისტორიაში პირველად მოიპოვა. აქედან გამომდინარე, საფეხბურთო ექსპერტებისა და ყოფილი მოთამაშეების უმრავლესობა „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ კანდიდატად უსმან დემბელეს მიიჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ წლის მთავარი ინდივიდუალური პრიზი ლამინ იამალს ეკუთვნის. სწორედ „ბარსელონას“ ახალგაზრდა ლიდერის მხარდამჭერთა შორისაა ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ლამინი მომდევნო ფეხბურთელია დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შემდეგ, რომელიც ნამდვილ ეპოქას შექმნის. 17 წლის ასაკში მან გააკეთა ისეთი რაღაცეები, რაზეც ბევრს მხოლოდ ოცნება შეუძლია. მცირე გამართლების შემთხვევაში შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. დიეგოს და ლეოს შემდეგ ასე კარგად ფეხბურთი არავის უთამაშია, ამიტომაც საჭიროა წლევანდელი „ოქროს ბურთი“ მას გადასცენ“.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მომდევნო სეზონიდან ლამინ იამალი „ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გარდა ამისა, მასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გახანგრძლივდა, რომლის მიხედვითაც 18 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევრო, ხოლო მისი ყოველწლიური ხელფასი 20 მილიონი იქნება.