470 000 ლარი ბაზის რეაბილიტაციისთვის და ახალი სპონსორი - რა სიახლეებია ფოთში
საფეხბურთო სეზონის განახლების წინ, ქართული გუნდები აქტიურ მზადებას გადიან და სიახლეებს აანონსებენ.
რამდენიმე დღის წინ, CrystalSport-ი გიყვებოდათ, რომ კოლხეთი 1913-ი საფეხბურთო აგენტთან, მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობას იწყებდა და რომ კლუბის იჯარით აყვანა სურდა კომპანიას, რომელსაც მამუკა ჯუღელი შუამავლობდა. როგორც CrystalSport-ისთვის ცნობილი გახდა, კოლხეთი 1913-ის რიგებში სიახლეებია. გაირკვა, რომ ბაზის სრული რეაბილიტაციისთვის 470 000 ლარი გამოიყო, ამის გარდა, დაწყებულია სტადიონის მინდვრის საფარის მოწესრიგების სამუშაოები.
გამოჩნდა დაანონსებული სპონსორიც, რომელსაც ვალდებულება ექნება, გუნდის განვითარებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 400 000 ლარის ინვესტირება განახორციელოს.
კოლხეთი 1913-ის ძირითად მიზანს 3 წელში უმაღლეს ლიგაში დაწინაურება წარმოადგენს.
რამდენიმე დღის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატებაა სამწვრთნელო შტაბში: მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს, ასისტენტს ნუგზარ თვარაძეს და მეკარეების მწვრთნელს ზვიად გვასალიას, ასისტენტის რანგში დათო კვირკველია დაემატება, რომელიც წლების განმავლობაში აღნიშნული გუნდის რიგებში გამოდიოდა. კვირკველიას ასევე უასპარეზია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
კლუბის განმარტებით, იგეგმება შემადგენლობის გაძლიერებაც.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კოლხეთი 1913 ლიგა 3-ში ასპარეზობს. დასრულებულ სეზონში გუნდმა ლიგა 2-ის პლეი-ოფების შეხვედრები რუსთავის წინააღმდეგ გამართა, თუმცა ლიგა 2-ში გადასვლა ვერ შეძლო.