„წინადადება არც ზაფხულში მიგვიღია და არც ზამთარში" - რუბინში ხვიჩაზე ისაუბრეს
„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ყაზანელთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ინტერვიუ Sport24-ს მისცა და განაცხადა, რომ კლუბს „კვარას“ თაობაზე რეალური წინადადება არ მიუღია.
Sport 24 – „ზაფხულში ამბობდით, რომ ხვიჩათი ევროპის 3.5 კლუბი ინტერესდებოდა. რატომ არ წავიდა კვარაცხელია რუბინიდან?“
იაროვინსკი - „კვარაცხელია რუბინში დარჩა, რადგან ეს ინტერესი რეალურ შეთავაზებად არ ქცეულა. ეს მეტ-ნაკლებად გააზრებული ინტერესი იყო და სხვა არაფერი. ხვიჩას პრობლემა უფრო პრესასთანაა დაკავშირებული. რატომ? მედიაში გაცილებით მეტი იწერებოდა, ვიდრე რეალურად ხდებოდა. ეს ყველაზე ნეგატიურად აისახა. ჭორების რაოდენობამ, ზარებმა, ხვიჩას გარშემო დაწყებულმა გაუგებარმა მოძრაობამ, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, კარგი არაფერი მოიტანა.
რეალური წინადადება რომ მიგვეღო, მას აუცილებლად გავუშვებდით, მაგრამ ზაფხულში რუბინს ოფიციალური შეთავაზება მხოლოდ 2 ფეხბურთელის თაობაზე გაუკეთეს - კარლ სტარფელტი და დენის მაკაროვი. ერთი მათგანი სელტიკშია, მეორე - დინამოში. აი, ხვიჩას რაც შეეხება, კვარას თაობაზე ოფიციალური წინადადება არც ზამთარში მიგვიღია და არც ზაფხულში. ერთადერთი, რაც მოხდა, იყო ის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს რუბინში ხვიჩათი დაინტერესების შესახებ ოფიციალური წერილი მოვიდა, მაგრამ საქმე შეთავაზების გაკეთებამდე არ მისულა."
Sport24 – „ვისთვის იყო ხვიჩას მიმართ ინტერესის ხელოვნურად გაბერვა ხელსაყრელი?“
იაროვინსკი - „ეს თქვენი ნამუშევარია. ჟურნალისტები რაღაცას აიტაცებენ, მის გაბუქებას იწყებენ, კომენტარებს ითხოვენ, ტელეგრამის არხებზე საკუთარ მოსაზრებას წერენ, ყველაფერი დუღს, ყველაფერი განიხილება... ჟურნალისტებისადმი დიდი პატივისცემა მაქვს და ვთვლი, რომ ფეხბურთისთვის მათი პროფესია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ როცა ვხედავ ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც ზოგიერთ ადამიანს გონებაში უჩნდება, ვფიქრობ: „ცუდი არაა. კინოსცენარის დაწერაა საჭირო.“ ასე იმიტომაა, რომ პროცესში ჩართული ადამიანები ვერც კი ვხვდებით, იმ ეშმაკურ ჩანაფიქრებს, რომლებსაც კონკრეტულ ქეისს მიაწერენ ხოლმე.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩას „რუბინის“ რიგებში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ყაზანელები ამჟამად თურქეთში იმყოფებიან, მეორე შეკრებას გადიან და 3 საკონტროლო მატჩს გამართავენ. მათი ერთ-ერთი მეტოქე ბათუმის „დინამო“ იქნება.