თაიმსი: ტენ ჰაგი მან. იუნაიტედის გაწვრთნის მთავარი კანდიდატია
''თაიმსის'' ცნობით ''მან. იუნაიტედის'' გაწვრთნის მთავარი კანდიდატი ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგია, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული ''აიაქსს'' წვრთნის და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.
''წითელი ეშმაკები'' ასევე განიხილავენ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას, თუმცა პარიზული კლუბი არგენტინელ სპეციალისტს არ თმობს. მიმდინარე სეზონში, როცა სულშერმა ''ოლდ ტრაფორდი'' დატოვა, ''წითელ ეშმაკებს'' პოჩეტინოს დანიშვნა სურდათ, თუმცა პსჟ წინააღმდეგი იყო, ამის უფლება არ მისცა, 49 წლის სამხრეთამერიკელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ''მან. იუნაიტედის'' დროებითი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს. ტენ ჰაგისა და მაურისიო პოჩეტინოს გარდა ბრიტანულ მედიაში ბრენდან როჯერსის სახელმა გაიჟღერა, რომელიც ტენ ჰაგისა და პოჩეტინოს მსგავსად დასაქმებულია, ''ლესტერთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ''თაიმსი'' იუწყება, ამ ეტაპზე ფავორიტი კანდიდატი ერიკ ტენ ჰაგია.
შეგახსენებთ, ბრიტანული მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დატოვოს. ''დეილი სტარის'' ცნობით, თუ სეზონის ბოლომდე ''მან. იუნაიტედი'' მომავალ მთავარ მწვრთნელს არ დაამტკიცებს, პორტუგალიელი მზადაა ინგლისურ გუნდს დაემშვიდობოს.
ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას გერმანელი რალფ რანგნიკი ასრულებს, რომლის ხელმძღვანელობით ''წითელმა ეშმაკებმა'' პრემიერ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარეს: 3 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი. ამ ეტაპზე ''მან. იუნაიტედი'' 31 ქულით მე-7 ადგილზეა და საუკეთესო ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩება.