მძიმე ტრავმა მეორე ფეხზე განმეორდა - ლაკვეხელიანს ოპერაცია ჩაუტარდება
CrystalSport-ის ცნობით უნგრული ''მეზოკოვეშდის'' ქართველი მარცხენა მცველის, ლუკა ლაკვეხელიანის კარიერაში რთული პერიოდია. გასულ წელს მარცხენა ფეხის ჯვარედინი იოგა გაიწყვიტა, რეაბილიტაციას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, ახლა კი იდენტური ტრავმა მარჯვენა ფეხზე მიიღო. კერძოდ, უნგრეთის ჩემპიონატის ''კიშვარდასთან'' დაპირისპირებისას მეტოქემ მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რაც მძიმე ტრავმის წინაპირობა გახდა.
ლუკა ლაკვეხელიანი უნგრულ გუნდს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასულ სეზონში უნგრეთის უმაღლეს ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და სეზონის დარჩენილი ნაწილი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონშიც ანალოგიურად მოხდა, 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ოპერაციის გაკეთება და ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოუწევს.
მას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ქომაგებს თავი ტექნიკური და სწრაფი თამაშით დაამახსოვრა.