Aa Aa
25 ნოემბერი 2021  |  03:10

მანჩესტერ სიტი 2:1 პსჟ - მატჩის შემდეგ

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მანჩესტერში „სიტისთან“ 1:2 წააგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

„ქალაქელებმა“ პოჩეტინოს გუნდი ყველა სათამაშო ასპექტში დაჩაგრეს, თუმცა მატჩის შემდეგ არგენტინელი სპეციალისტი საკმაოდ კარგ ხასიათზე ჩანდა და თავის მოთამაშეებს აქებდა.

„სიტის ბურთის ფლობის უპირატესობა არც ისე დიდი იყო, 55-45-ზე. დიდი უპირატესობა არის, როდესაც 70-30-ზეა.

არანაირი პანიკა არ გვქონია. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთესი იყო. იმის გასაგებად, თუ როგორ წარიმართა ყველაფერი პირველ ტაიმში, უნდა ნახოთ, რამდენი შეცდომა გვქონდა და რამდენი მათ.

მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ, ანგარიში გავხსენით. თუმცა, რამდენიმე რამ უნდა შეგვეცვალა მას შემდეგ, რაც სიტიმ გაათანაბრა. შედეგად, მეორე გოლი გავუშვით.

მეორე ტაიმში ჩვენი თამაში უნდა გამოვარჩიო, ეს არის ნამდვილად ის, რისი ნახვაც გვინდა. ყველა ფეხბურთელით ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში გასვლა შესანიშნავია სეზონის დასაწყისში არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პოჩეტინომ.

მატჩის შემდეგ კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა პეპ გუარდიოლა:

"კარგი თამაში იყო. როდესაც ისინი აკონტროლებდნენ ბურთს ჩვენს კართან მოედნის ბოლო მესამედში, ეს ყოველ ჯერზე საშიში იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, როგორც პირველ მატჩში.

სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. პსჟ-ს გოლის შემდეგ 5-10 წუთით ნოკაუტში დავრჩით. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. საღამო ჩვენთვის მშვენიერი გამოდგა.

ზედიზედ ხუთი-ექვსი წელი გავედით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ახლა ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ, ამიტომ ბედნიერი ვარ. გვესმოდა, რომ ფრე ჩვენთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც მოვიგეთ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ რაც უფრო შორს არიან მათი თავდამსხმელები ჩვენი კართან, მით უფრო უსაფრთხოა ეს ჩვენთვის. მოახლოებისას მათ თავისუფალი ზონები იპოვეს. გაიხსენეთ ნეიმარის მომენტი. მათ იგი არაფრისგან შექმნეს.

ძალიან კარგი შეტევა ჰყავთ. გუნდურად უნდა დაგვეცვა თავი. მე არ მინახავს სტატისტიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს შესანიშნავები ვიყავით“,

- თქვა გუარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
ვილიარეალის ვარსკვლავს ჩაანაცვლებს? - ესპანური მედია კვარაცხელიაზე წერს