ანალიზი: სწორი სქემა მიგნებულია? რა ვნახეთ ბათუმში - ყველა დეტალი
Aa
Aa

ანალიზი: სწორი სქემა მიგნებულია? რა ვნახეთ ბათუმში - ყველა დეტალი

რა ცოტა არის საკმარისი ბედნიერებისთვის - მოვიგეთ! გოლი, ზღვა ემოციები ტრიბუნებიდან. მონატრებული სიხარული, რომელიც გოლს მოსდევს და ეს ყველაფერი საფინალო სასტვენთან ერთად შენი გამარჯვებით სრულდება.

შვედებს მოვუგეთ. გამიხარდა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას იმ განცდამ გადამიარა, რომელსაც მოულოდნელობა ჰქვია. მეორე ტაიმის სტარტზე ვიგრძენი, რომ უნდა მოგვეგო. ეს ბევრი ნიუანსიდან შეინიშნებოდა - ქომაგები ტრიბუნებზე, თავდადება მოედანზე და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მთავარია, რომ სასწაული არ ჩაგვიდენია. შეგვეძლო მოგება და მოვიგეთ. რატომ? იმიტომ, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით რაღაცები სწორად გაკეთდა.

კარგი იყო. გვენატრებოდა. ზოგადად ერს აკლია სიხარული, გამარჯვება, პოზიტიური ენერგია. სპორტი აერთიანებს და აბედნიერებს. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

ჩვენს ქვეყანაში ნეგატივების ჩანჩქერი მრავალი მხრიდან მოედინება, თუმცა 11 ნოემბრის საღამო გამონაკლისია და იმედია ასეთი გამონაკლისები მრავლად გვექნება.

ახლა გადავიდეთ საქმეზე. ტრადიციულად ჩვენი ნაკრების თამაშის დეტალურ განხილვას შემოგთავაზებთ - პირდაპირი და მაქსიმალურად მარტივად გასაგები ენით, არგუმენტებითა და დასკვნებით.

3-4-3 - სქემა, რომელმაც მეორე გამოცდაც წარმატებით ჩააბარა

ერთი თვის წინ სანიოლმა კოსოვოსთან დაცვა გადააწყო და უკან არსებული სივრცეების ამოსავსებად 3-4-3 წყობა გამოიყენა, რომელიც თავდაცვისას 5-2-3-ად ფორმირდება.

ამ წყობაში საკვანძო ოთარ კაკაბაძის მესამე ცენტრალურ მცველად ჩაწევა და ფლანგზე საბა ლობჟანიძის განწესებაა. საბა სწრაფია, წინ ასვლას და უკან ჩარბენას დროულად ახერხებს. უკან კი 3 მცველი გამუდმებით ხვდება, რაც თავდაცვას ამარტივებს. წინა მატჩებში გუნდს პრობლემა სწორედ ამ მონაკვეთიდან ექმნებოდა, რაც ამ მომენტისთვის უკვე აღმოფხვრილია.

ხსენებულ სქემას თავისი პლუსები შემტევ ასპექტშიც აქვს. ფლანგები გაძლიერდა. შეტევაში 3 თავისუფლად მოძრავი მოთამაშე გვყავს (ამჯერად კვარა, ოქრი და წიტა). ხვიჩა ძირითადად მარცხნიდან უტევს და მას აზაროვი დახმარებას უფრო თამამად უწევს, რადგან უკან როგორც უკვე ვთქვი 3 მცველი ფეხმოუცვლელად დგას და ზონები თავისუფალი იშვიათად რჩება.

მსგავსი ვითარებაა მარჯვენა ფლანგზეც, სადაც წიტაიშვილს ლობჟანიძე ეხმარება და თუ საჭირო გახდა კაკაბაძეც იქვეა.

ამ მონახაზში მოედნის ცენტრი იჩაგრება, თუმცა როდესაც ნახევარდაცვაში ამდენი პრობლემა გაქვს, ამდენი ტრავმირებულია, ფეხბურთელები არასახარბიელო ფორმაში იმყოფებიან - ეს ტაქტიკური მონახაზი ცალსახად დადებით მიგნებად უნდა შეფასდეს.

როცა კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე სათანადო ფორმას დაიბრუნებენ, შემდეგ 4-3-3-ის ან სხვა სქემის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

ეს წყობა შვედეთის სტილის ნაკრებთან განსაკუთრებით სწორი იყო, რადგან სკანდინავიელები სტაბილურად 4-4-2-ით თამაშობენ და მოედნის ცენტრს დიდად არ ტვირთავენ. პლუს ამას, კონტრშეტევებზე სწრაფ ფეხბურთელთა სიმრავლემ მათი მინუსების გამოსაყენებლად მეტი შესაძლებლობა მოგვცა.

კონკრეტულად - ვინ როგორ ითამაშა, რას ვითხოვთ და რას ველით

გიორგი ლორია შვედების წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა და ბიჭებს თავდაჯერება შემატა.

როცა ლორია ასე თამაშობს, იმ მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხება ყოველთვის ძალიან ძნელია.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, შეცდომები გვქონდა, თუმცა ეს თამაშის ნაწილია, შეცდები, მეტოქეც შეცდება, ვიღაც მომენტს ვერ გამოიყენებს, ვიღაც გამოიყენებს - არ შეიძლება, რომ ყოველთვის ჩვენ არ გვიმართლებდეს. სანიოლმა შვედებს კარგად უპასუხა -

„შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში“.

დაცვაში გვქონდა რამდენიმე შეცდომა, როცა შვედებს გატანა მართებდათ, თუმცა საბოლოო ჯამში უკანა ხაზმა თავის მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

გურამ კაშიას თამაში საერთოდ ცალკე უნდა აღინიშნოს. ზლატანს მთელი მატჩი დამაჯერებლად მეურვეობდა და ბურთების ამოტანისას, თუ დაზღვევაზე გადასვლისას ძალიან დამაჯერებელი იყო. ბიჭებსაც ამხნევებდა, მოუწოდებდა, რომ როცა საჭირო იყო ხაზი ამოწეულიყო. მოკლედ, მოედანზე ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილ ლიდერს შეეფერება.

ჩვენი გულშემატკივარი ობიექტური და ფეხბურთში კარგად გათვითცნობიერებულია. ამიტომ, მატჩის შემდეგ კაშიას თამაში ძალიან ბევრმა გამოყო და ცალსახად დადებითად შეაფასეს.

კარგი იყო ხოჭოლავაც, რომელიც წინა მატჩებში კრიტიკას ვერ უძლებდა და მას დამსახურებულადაც იღებდა. ამჯერად კი დამაჯერებლად იდგა და რა თქმა უნდა, ესეც უნდა აღინიშნოს. ხოჭოლავასგან სწორედ ასეთ თამაშს ველით. ზოგადად კრიტიკის როლზე და მნიშვნელობაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

კაკაბაძეს საუკეთესო მატჩი არ ჰქონია და რამდენჯერმე უხეშად შეცდა, მაგრამ ამ სქემაში მისი როლი უდიდესია, მისი მოედანზე ყოფნა საჭიროა და ისიც ვიცით, რომ ოთოს მომატება შეუძლია. შვედებთან მან თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30%-40% ითამაშა.

აზაროვი - ეს ბიჭი მალე ლეგიონერი გახდება. მატჩიდან მატჩამდე უმატებს და უფრო თავდაჯერებული ხდება. ამ სქემას კი იდეალურად ერგება. გური გიორბელიძის სახით კი იდეალური კონკურენტი ჰყავს, რაც ნაკრებისთვის ორმაგად დიდი პოზიტივია.

ნახევარდაცვის ცენტრში შეცდომები იყო, განსაკუთრებით გვილიას მხრიდან. კვეკვესკირმა რამდენიმე მომენტში თავისი საფირმო პასი შემოგვთავაზა, თუმცა მასაც მეტი შეუძლია და სამომავლოდაც მეტს ველით.

შუა ხაზში ყველაზე მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ვფიქრობ, კიტეიშვილი ამ სქემას სრულყოფილს გახდიდა. მისი და კვეკვეს დუეტის ხილვას ვისურვებდი.

შეტევაში გადავიდეთ. საბა ლობჟანიძე დაცვას კარგად აზღვევს. მისი ამ პოზიციაზე დაყენება ნამდვილად კარგი მიგნებაა. მართალია მას შეტევაში ჯერჯერობით ისევე კარგად ვერ ვიყენებთ, როგორც კლუბში იყენებენ, თუმცა ასეთ როლშიც გამოსადეგია.

ოქრიაშვილისგან უკეთეს თამაშს ველით, რადგან მისი შესაძლებლობები კარგად ვიცით. ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ნელ-ნელა კარგად ადაპტირდება, რაც სანიოლისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.

წიტაიშვილი მონდომებულია, იბრძვის ბურთს იბრუნებს, დაუღალავად შრომობს. შეტევაში მეტი შეთამაშება და მისი როლის, პოზიციის უკეთ აღქმა სჭირდება.

ვოლკოვმა კი სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. იმ ლიმიტირებულ წუთებში, რაც მას მიეცა, საჰაერო ორთაბრძოლებისას და ზოგადად ორთაბრძოლებისას იმაზე გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ქვილითაიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში.

ზურიკო დავითაშვილი თამაშში ძალიან კარგად ერთვება. თამამი ბიჭია, გაუაზრებლად არ უტევს. დასახვეწი აქვს რაღაცები და სასწავლიც, თუმცა მისი სითამამე და ტექნიკა აუცილებლად გამოგვადგება. შვედების წინააღმდეგ კარგად შემოვიდა და რამდენიმე კარგი გარღვევაც ჰქონდა.

კვარა! კვარა! კვარა!

კვარასთვის ამ მატჩმა შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინოს. გარდა იმისა, რომ ისტორიაში უკვე შევიდა...

...შესაძლოა ამ შეხვედრამ კვარას ტრანსფერი დააჩქაროს. დროა ევროპაში წავიდეს. ტრიბუნებმა, ქართულმა მუხტმა ხვიჩას დამატებითი ენერგია მისცა, მასში მინავლებული ცეცხლი გააღვივა და „სისხლის გემო“ კვლავ გაიხსენა. ის შეუჩერებელი ბიჭი ვიხილეთ, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომელიც მომავლის იმედს გვაძლევს.

პოზიტივი კარგია, მაგრამ ახლა პრობლემებზე და მომავალზე უნდა ვისაუბრო.

ტრადიციული კარის გაჯახუნება - ანუ ფსიქოლოგიური პრობლემები

რატომ ვიღვიძებთ სულ გვიან? რატომ მხოლოდ კარის გაჯახუნება? მესამე ადგილი მაინც უნდა აგვეღო ამ ჯგუფში. კოსოვოსთან წასაგები არ გვქონდა, ბათუმში საბერძნეთთანაც არ უნდა წაგვეგო და დღეს მესამე ადგილზე ვიქნებოდით.

ყველაფერი ფსიქოლოგიური პრობლემებიდან მოდის. საქმე მხოლოდ ტრავმებსა და ტაქტიკურ შეცდომებს არ ეხება. გუნდი ზეწოლას ვერ უძლებს და ტვირთი მათ მენტალიტეტს ანადგურებს. ამ მხრივ სამწვრთნელო შტაბმა უნდა იმუშაოს და გუნდს საკუთარი ფსიქოლოგი ჰყავდეს. ევროპული პრაქტიკაა ეს და ჩვენთანაც დასანერგია.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გუნდს ერთბაშად რამდენიმე წინაღობა შეექმნა. ფსიქოლოგიური მომენტი, რომელსაც ნაკრები ვერ გაუმკლავდა. კვარას გამოკლება, ცარიელი ტრიბუნები და მწვრთნელის არასწორი მიდგომა. საბოლოოდ ლოგიკურად დავმარცხდით.

ტრიბუნების ფაქტორი - ბათუმში შემთხვევით არ მოგვიგია

ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა, არც მხოლოდ სწორი ტაქტიკის და ხვიჩას ნიჭის დამსახურება ყოფილა.

ის, რომ ამ ციკლში ყველაზე კარგად შინ ესპანეთთან და ამჯერადაც შინ შვედეთთან ვითამაშეთ ლოგიკურია. რატომ? იმიტომ, რომ ამ მატჩებს მაყურებლები ესწრებოდნენ, შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მათ მაინც შექმნეს საჭირო გარემო და ბიჭებს დამატებითი ენერგია გადასცეს.

„მატჩმა აჩვენა რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი. პირველ რიგში, მსურს, მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის“.

- თქვა კაშიამ შეხვედრის შემდეგ.

ვისაც ოდესმე ბურთი გაუგორებია იცის რა გრძნობაა, როცა მაყურებელი შენს ზურგს ამაგრებს. მაკედონიასთან მატჩსაც უნდა დასწრებოდა ხალხი, ასევე ამ ციკლში წინა ბათუმურ მატჩებშიც და ახლა შესაძლოა უკეთესი ხასიათი, უკეთესი მოგონებები გვქონოდა.

ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ჩემს სიტყვებს აქვს ლოგიკა და აქვს ობიექტური მიზეზი, რომლის დანახვა თვალითაც შესაძლებელია და უკვე ხელშესახებიც არის. ფეხბურთის უფრო მეტად დაფასება და შეყვარება გვმართებს, სამთავრობო დონეზეც და ქომაგებსაც მეტი მოეთხოვებათ, ისევე როგორც ჩვენ ჟურნალისტებს.

ურემი, როცა გადაბრუნდება შემდეგ ამაზე აპელირება შედეგს ვერ მოიტანს. ყველაფრის იქამდე გაკეთებაა საჭირო, სანამ ამას აზრი აქვს. უკვე საქმე გავიფუჭეთ, როცა გუნდი ქომაგის გარეშე დავტოვეთ. აუცილებელი არ არის ცხოვრებაში ყველა აბსურდულ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ. როცა ვხედავთ, რომ რაღაც აშკარად არასწორად კეთდება, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და არა სოცქსელებში წერა.

შეცდომებზე ვისწავლოთ, ყველამ განურჩევლად პროფესიისა და სტატუსისა. სამომავლოდ ჩვენი გუნდი მე-12 მოთამაშის გარეშე აღარ უნდა დარჩეს და ამას სხვა არ უნდა გვიწყვეტდეს - ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ეს გუნდი ჩვენია!

ანალიზი, პასუხისმგებლობა, შრომა, სწორი დასკვნები - შედეგი ასე მოდის. როცა რომელიმე რგოლი არ მუშაობს, იქ ჯაჭვი გამოუსადეგარი ხდება.

კრიტიკა - აუცილებელი რამ პროგრესისთვის

კრიტიკა აუცილებელია - პრესის მხრიდან, ქომაგების მხრიდან. ასევე თვითკრიტიკაც. ეს ყველაფერი ურთიერთობით მოდის. როცა სიმართლეს ამბობ, როცა ვიღაცას აწვები, მას მეტს სთხოვ და ეს ყველაფერი ჯანსაღი ფორმით ხდება. შედეგად ყოველთვის იმატებს მოტივაცია, პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმიც, რაც საბოლოოდ ჯანმრთელ გარემოს ქმნის და შედეგის მიღებას უფრო რეალურს ხდის.

წინა ჩაგდებული მატჩების შემდეგ კრიტიკა ბევრს მოუწია. მწვრთნელსაც, ფეხბურთელებსაც, ყველას. ამის გარეშე საქმე ვერ კეთდება. როცა პრობლემის არსებობას აღიარებ, მისი გამოსწორება და წინსვლა მხოლოდ ამის შემდეგ იწყება. სირაქლემას პოზიციაში ყოფნით შედეგი არავის დაუდია.

ასე რომ ბიჭებო - კრიტიკა და ზეწოლა მომავალშიც იქნება, თუმცა ეს მხოლოდ თქვენი სიყვარულის, გუნდის სიყვარულის და უკეთესი მომავლის გამო ხდება, რადგან საქართველოს ნაკრები ყველა ჩვენგანის არის და ყველას თანაბრად გვტკივა. ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ. ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმასთან ტკივილი და წუხილიც განსაკუთრებით ძლიერია.

გასული სამი მატჩი, კრიტიკა და 11 ნოემბერს ბათუმში დამარცხებული შვედეთი - ეს ჯაჭვური რეაქციაა. წინა ჯერზე სიმართლე ითქვა, მწარედაც, შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნა აღქმული და შედეგად ძალიან მოტივირებული და საკმაოდ ძლიერი შვედეთი 2:0 დავამარცხეთ. ასე, რომ - სანამ ვინმე კრიტიკის მოსმენაზე უარს იტყვის და „გაიბუტება“, იქამდე მას ვურჩევ ჩემს სიტყვებს კიდევ ერთხელ გადახედოს და სწორი დასკვნა გამოიტანოს. პროცესის სწორი მიმართულებით სვლას ხელს ნუ შეუშლით.

სწორედ ამიტომ არის საჭირო ტრიბუნებზე მეტი მაყურებელი. ვარჯიშებსაც უნდა დაესწრონ ქომაგები და ფეხბურთელებთან მეტი კავშირი უნდა დაამყარონ. ესაუბრონ, ეკამათონ, შეაქონ, რაღაცები მოსთხოვონ ან მადლობა გადაუხადონ. ამის გარეშე საქმე არ კეთდება.

დასკვნა - ნაკლები ეიფორია, მეტი ფიქრი, მეტი ანალიზი

ახლა სწორი ანალიზის დროა. ერთა ლიგაზე უკვე მატჩების უმრავლესობა მოსაგები გვექნება. გუნდმა ყველა შეხვედრაში ასევე უნდა იბრძოლოს, როგორც ბათუმში ვიხილეთ. დასაკარგი შანსები აღარ გვაქვს.

ეს ბუნებრივი პროცესია და მცირე დეტალებისგან შედგება.

დავინახეთ, რომ მომენტებში გუნდი გააზრებულად უტევდა. იყო ჭკვიანური პასებიც. კვეკვეს გადაცემა და საბას მომენტი მთლიანობაში ძალიან ლამაზი რამ იყო. ასევე პირველი გოლისას აშკარად შეინიშნებოდა, რომ ყველაფერი ვარჯიშისას იყო დამუშავებული და ეს სასიამოვნოა, რადგანაც უკვე დიდი ხანია ნაკრებს სტანდარტულიდან არაფერი შეუქმნია.

ეს მოგება ერთჯერად გასროლად არ უნდა დარჩეს. ეიფორიაც უადგილოა. ფიქრისთვის და ანალიზისთვის საკმაოდ დიდი დროა. სანიოლიც ნელ-ნელა გუნდს უკეთ უგებს. რესურსიც არის, თუ ნაკლები ტრავმა იქნება.

დღეს ბევრ თემაზე ვისაუბრე და დარწმუნებული ვარ, მსგავს საკითხებზე თქვენც გიმსჯელიათ. იმედია კომპეტენტური პირები ნაკლოვანებებზე იფიქრებენ და ერთ ადგილზე დგომის ნაცვლად ნაბიჯი წინ გადაიდგმება.

ბოლოს ასე ვიტყვი - წაგება ყოველთვის საწყენია და მძიმეა, მაგრამ წააგო ისე, რომ დაგრჩეს განცდა, რაღაც დააკელი... „ნეტა ასე, რომ მოვქცეულიყავი რა მოხდებოდა...?“ - აი მარცხის შემდეგ ასეთი რამ არ უნდა გაიფიქრო. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველაფერი სცადე, რათა შედეგი დაგედო. თუ საქმეს ასე მიუდგები, ბოლოს სანანებელიც ნაკლები გექნება.

ფოტომასალა - GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბავი, რომელიც მოხდა, ან არ მოხდა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს
ამბავი, რომელიც მოხდა, ან არ მოხდა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს