კლოპი გაღიზიანდა - სიმეონემ მას ხელი არ ჩამოართვა
Aa
Aa

კლოპი გაღიზიანდა - სიმეონემ მას ხელი არ ჩამოართვა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მოხდა ფაქტი, რომელმაც საფეხბურთო მედია ააჭრელა. როგორც წესი, თამაშის დასრულების შემდეგ, მწვრთნელები ერთმანეთს ხელს ართმევენ.

დიეგო სიმეონემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა. მეტიც, მსაჯის სასტვენის შემდეგ, „ჩოლო“ პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა და არც იმ ადამიანებს ჩამოართვა ხელი, რომლებმაც გზაზე გაუწოდეს. პრესკონფერენციაზე არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სხვებისთვის ხელის ჩამორთმევა არ უყვარს და ეს მისთვის მისაღები არ არის.

ეს უცნობი ფაქტი არ გახლავთ. დაკვირვებულ გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ სიმეონე მართლაც ასე იქცევა. იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„სიტუაცია გასაგებია. მე მინდოდა მისთვის ხელის ჩამორთმევა, მას არა და გასახდელისკენ გაიქცა. ვფიქრობ, არც სიმეონეს რეაქცია არის კარგი და არც ჩემი. ორივე ემოციურები ვართ და შემდეგ შეხვედრაზე აუცილებლად ჩამოვართმევთ ხელს.“

რა თქვა სიმეონემ?

„ესპანეთში ყველამ იცის, რომ ხელს არავის ვართმევ და ეს არავისთვის არის გასაკვირი ან მიუღებელი. სამწუხაროდ იურგენმა ეს არ იცოდა. ვფიქრობ, პანდემიიდან გამომდინარე სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ.“

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ამ გამარჯვებით ჯგუფში 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია. რაც შეეხება „ატლეტიკოს“, „როხიბლანკო“ 4 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები