მერაბ შარიქაძე: „გამარჯვება ლევან მაისაშვილს ეძღვნება
Aa
Aa

მერაბ შარიქაძე: „გამარჯვება ლევან მაისაშვილს ეძღვნება"

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა, „შავი ლომმა“ პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართა.

რაგბი ევროპის სუპერ თასზე, „შავი ლომი“ ისრაელის წარმომადგენელ „თელავივ ჰიტს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით - 33-10 დაამარცხა.

ქართული ფრენჩაიზის პორველი ქულები სოსო მათიაშვილმა ჯარიმით აიღო, აკაკი ტაბუცაძემ პირველი ლელო დადო და მოგვიანებით, ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ერთი ლელო კი შალვა მამუკაშვილის ანგარიშზეა. ჯარიმის გარდა, მათიაშვილმა ერთი გარდასახვაც გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა შეასრულა.

„შავი ლომის“ კაპიტანი - მერაბ შარიქაძე

ეს დღე ბევრი მიზეზის გამო ემოციური იყო. პირველი, ეს ბათუმის ტრაგედიაა და მინდა, გუნდის სახელით მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. მეორე ლევანის დაბრუნებაა – მიხარია ამ პრესკონსფერენციაზე მის გვერდით რომ ვზივარ. ლევანმა ძალიან რთული გზა გამოიარა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ალბათ სიმბოლურია, რომ დღემდე ბოლო თამაში სამხრეთ აფრიკასთან ჩავატარე, ლევანთან ერთად და იმ საშინელი სამი თვის შემდეგ, მოედანს მასთან ერთად დავუბრუნდი. ეს გამარჯვება სწორედ ჩვენს მთავარ მწვრთნელს ეძღვნება.

რაც შეეხება შეხვედრას, კარგი თამაში ჩავატარეთ. შეცდომები გვქონდა და რომ არა ეს, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ხარისხიანი შეხვედრა ჩავატარეთ, განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ, რაც ისევ და ისევ ლევანს გაუხარდება და ასეთი შედეგი ამანაც განაპირობა.

ყველამ ვნახეთ მეტოქე რამდენად მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ვფიქრობ, როგორც ჩვენ, ასევე ისინი, პრო დე2-ის ნებისმიერ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ და რამდენიმეს დავამარცხებთ კიდეც. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგი, მაღალი დონის ტურნირია, - შარიქაძის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი 6 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში გამართული ტესტ-მატჩების შემდეგ დაუდასტურდა. ბორჯღალოსნების ექიმის, ნუცა შამათავას განმარტებით, 8 დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ყველანაირი გართულების გარეშე, მერვე დღიდან კი ვირუსისთვის დამახასიათებელი პნევმონია განვითარდა და ფილტვები დაუზიანდა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანა გახდა საჭირო.

ლევან მაისაშვილი საქართველოში სექტემბერში დაბრუნდა.

ფოტო: რაგბის კავშირი

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები