ATP-ის ცოცხალ რეიტინგში ბასილაშვილი 9 ადგილით დაწინაურდა
Aa
Aa

ATP-ის ცოცხალ რეიტინგში ბასილაშვილი 9 ადგილით დაწინაურდა

ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ორ სეტში - 7-6 (7-5), 6-3 მოუგო, იქამდე კი, მეოთხედფინალურ ეტაპზე, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა (6-4, 2-6, 6-4).

ბასილაშვილმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი კარიერაში მეექვსედ დაამარცხა, ხოლო მასტერსის ფინალში პირველად ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი (ATP.26) იქნება.

ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 36-ე პოზიციას იკავებს, თუმცა ტურნირის დასრულების შემდეგ, მიღწევის გათვალისწინებით, ქართველი ჩოგბურთელის სარეიტინგო ადგილი მკვეთრად გაუმჯობესდება.

ATP-ის ცოცხალ რეიტინგში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველმა ჩოგბურთელმა ერთდროულად 9 ადგილი მოიგო და ამ მაჩვენებლით 27-ე (2 066) პოზიციას იკავებს. LIVE რეიტინგი ბასილაშვილისთვის სასიკეთოდ იმ შემთხვევაში კვლავ შეიცვლება, თუ ნიკოლოზი ინდიან უელსის მასტერსზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის პირადი რეკორდს მე-16 პოზიცია წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის მაისში მიაღწია.

ქართულ-ბრიტანული ფინალი 18 ოქტომბერს შედგება და გვიან ღამით, თბილისის დროით 03:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები