შერიფი, ქართული კლუბები და მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ
Aa
Aa

შერიფი, ქართული კლუბები და მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში შერიფმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ფლეი-ოფში წარმატებით იასპარეზა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქეები რეალი, ინტერი და შახტარი არიან.

შერიფმა გულშემატკივარს შთამბეჭდავი სტარტი შესთავაზა და 2 ტურის შემდეგ, 6 ქულით საკუთარი, D ჯგუფის ლიდერია - მოლდოვის ჩემპიონმა შახტარი, ორბურთიანი სხვაობით (2-0) დაამარცხა, ხოლო შემდეგ სტუმრად, მადრიდის რეალს მოუგო - 1-2.


შერიფის აღმასრულებელი დირექტორი ქართველია

კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ამ კლუბში გაატარა.

ამპლუით მცველი ვაჟა თარხნიშვილი შერიფში 1999-2012 წლებში თამაშობდა და შერიფის ლეგენდად ითვლება. მან ჯერ კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა, ხოლო შემდეგ, 2014 წელს აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

გუნდის წარმატებაში მისი როლი ძალიან დიდია.

 

აღსანიშნავია, რომ მოლდოვას ფეხბურთში ასეთი წარმატება არ ჰქონია და შესაბამისად, ფეხბურთელის ჩამოყვანა რთულია. საინტერესო და ალბათ, ლოგიკურიც, რომ შერიფი ხელფასში დიდ თანხებს სულაც არ იხდის, ევროპელებთან შედარებით საშუალო ხელფასებია, მაგრამ გუნდი მოთამაშეებთან არგუმენტებს პოულობს – ევროტურნირებზე თამაშობს და შემდეგში ამით მათ გაყიდვას ხელს უწყობს.

თარხნიშვილის განმარტებით, მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ თხოვნა გაითვალისწინა და ლეგიონერებზე ლიმიტი გააუქმა. ამ ეტაპზე, შერიფში 9 ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები ირიცხება, მათ შორის: გვინეის, განის, მალის, მალავის, ნიგერის, ჩრდილომაკედონიისა და ლუქსემბურგის.

აქცენტი ახალგაზრდა აფრიკელებზე კეთდება.

შერიფი და ქართული კლუბები

შერიფი ქართული გუნდებისთვის საკმაოდ ნაცნობია.

მაგალითისთვის, 2018 წელს საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით დაიწყო. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა გუნდმა შერიფს ქუთაისში უმასპინძლა და ანგარიშით - 2-1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში შერიფმა გახსნა, თუმცა ტორპედომ მატჩის გადარჩენა შეძლო - ქუთაისური გუნდის  მხრიდან გოლები გიორგი ქიმაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.

მაშინ შერიფმა ტორპედოს განმეორებითი დაპირისპირება ანგარიშით - 3:0 მოუგო.

2019 წელს, ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის საბურთალომ გასვლით შეხვედრაში მოლდოვის ჩემპიონს 3 უპასუხო გოლი გაუტანა (0-3).  კლუბის ისტორიაში პირველი გოლი ევროტურნირებზე მონტენეგროელი ოგნიენ როლოვიჩის ანაგარიშზეა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი კოხრეიძისა და  ლევან კაკუბავას გოლები მოჰყვა.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა ამავე წლის 16 ივლისს შედგა და მაშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შერიფმა საბურთალო დაამარცხა (1-3), ორი მატჩის ჯამში - 4-3.

რა კავშირი აქვს შერიფის მთავარ მწვრთნელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან?

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის 15 თებერველს გახდა, მანამდე ჩვენი ეროვნული ნაკრები რამდენიმე თვე მთავარი მწვრთნელის გარეშე იყო. ვილი სანიოლამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სხვადასხვა სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავდა, ხოლო უშუალოდ უცხოური მედია საქართვეელოს ეროვნული ნაკრების სახელს იური ვერნიდუბს უკავშირებდა, რომელის შესახებაც მოგვიანებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არსებული ყველა ჭორი უარყო.

იური ვერნიდუბს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს და სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიეს მეტალურგში დაიწყო. 2011-დან 2019 წლამდე იგი ზარიას წვრთნიდა და გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა. ამ დროში მან ზარია 2-ჯერ გაიყვანა ევროპა ლიგაზე  და უკრაინის თასის ფინალშიც იასპარეზა.

იური ვერნიდუბი შერიფის მთავარ მწვრთნელად 2020 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა და საქმეს საკმაოდ წარმატებითაც შეუდგა. ამ დროში მან შერიფთან ერთად 37 შეხვედრა ჩაატარა: 30 შემთხვევაში გაიმარჯვა, 5 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 2 მატჩში დამარცხდა. მისმა გუნდმა 120 გოლი გაიტანა და მხოლოდ 19 გაუშვა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები