ზამთრის ოლიმპიადა - ლერი ხაბელოვმა მოციგურავეებს უმასპინძლა
Aa
Aa

ზამთრის ოლიმპიადა - ლერი ხაბელოვმა მოციგურავეებს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს მოციგურავეების წარმატებულ გამოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს მოციგურავეების წარმატებულ გამოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა,ზამთრის სპორტის სახეობების კურატორმა მამუკა ხაბარელმა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

საქართველოს მოციგურავეთათვის 2021 წელი ძალზე წარმატებული და ისტორიული გამოდგა: მოპოვებულია პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ოთხივე კატეგორიაში (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები), რაც სალიცენზიო მარათონში ჩაბმულმა მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახერხა.

მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ასევე ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პეკინში გუნდურ შეჯიბრებაშიც მიგვეღო მონაწილეობა:

„ჩვენმა მოციგურავეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, ლიცენზიები აიღეს 4 კატეგორიაში. ეს არის 6 სპორტსმენი, რომლებიც გამოვლენ პეკინში. პირველად საქართველოს ნაკრები გუნდი ფიგურულ ციგურაობაში სრული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. რა თქმა უნდა, ჩვენი სპორტსმენებისგან ასევე წარმატებას ველოდებით უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენი ვარაუდით, ამ ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 9 სპორტსმენი გვეყოლება,“ - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა. მან გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოში ზამთრის სპორტი კიდევ უფრო განვითარდება, რასაც უთუოდ შეუწყობს ხელს 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

.

მამუკა ხაბარელი: „მილოცვით დავიწყებ და ციგურაობის ფედერაციას, ქალბატონ მარიამს კიდევ ერთხელ მივულოცავ ამ მართლაც უპრეცედენტო და ისტორიულ გამარჯვებას. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს იმედი იმისა, რომ ლიცენზიანტი სპორტსმენები მაქსიმუმს გააკეთებენ პეკინში. ლიცენზიანტთა შორის არიან ის მოციგურავეებიც, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს - ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ავიღეთ მედალი და ეს ისტორიული შედეგი იყო. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ ზამთრის სპორტის აღმავლობას საქართველოში. 2025 წელს საქართველომ უნდა უმასპინძლლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი სპორტული ბაზები ზამთრის სპორტისთვის, გამოვავლინოთ და აღვზარდოთ ახალი ტალანტები. რაც შეეხება მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებს, ლიცენზიებისთვის ასევე იბრძვიან ჩვენი მოციგავეები, სამთო-მოთხილამურეები და იმედი გავქვს, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მონაწილეთა რაოდენობითაც ასევე ისტორიული იქნება.“

მარიამ გიორგობიანი: „50-ზე მეტი ქვეყანა იბრძოდა ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოველბლად და მხოლოდ 10 ქვეყანა გამოვა გუნდურ ასპარეზობაში, აქედან კი მხოლოდ შვიდმა შეძლო ოთხივე სახეობაში ლიცენზიების მოპოვება და მათ შორის საქართველომ. შეგახსენებთ ამ ქვეყნებს ეს არის: აშშ, რუსეთი, კანადა, იაპონია, ჩინეთი და ჩეხეთი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო ჩვენი სახეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის, რადგან საქართველო პირველად იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურშიც. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ახალგარზდებით დაკომპლექტებული. თუმცა ვეცდებით მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლოთ ოლიმპიურ თამაშებზე და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, სპორტის იმ მესვეურებს, რომლებმაც ხელი შეუწყო რთული გზის გავლაში ჩვენს სპორტსმენებს. რომ არა სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომა, ჩვენ ამ შედეგებს ნამდვილად ვერ მივაღწევდით. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში საციგურაო ინფრასტრუქტურა შეიქმნება და ქვეყნის შიგნით შევძლებთ ფიგურული ციგურაობის განვითარებას.“

პირველ ოლიმპიურ ლიცენზიას დაეუფლა 17 წლის ალინა ურუშაძე 2021 წლის მარტში, სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე. მეორე დღეს იქვე, ოლიმპიური საგზური მიიღო მორის ყვითელაშვილმა, რომელსაც უკვე აქვს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება. ამ დღეებში ობერსდორფში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე კი ჩვენმა მოციგურავეებმა მოიპოვეს ორი ოლიმპიური ლიცენზია - გიორგი რევია და მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები); ლუკა ბერულავა და კარინა საფინა ( სპორტული წყვილები).

პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები