„მადლობა საოცარი მოგონებებისთვის" - მენი პაკიაომ მოკრივის კარიერა დაასრულა
Aa
Aa

„მადლობა საოცარი მოგონებებისთვის" - მენი პაკიაომ მოკრივის კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ მოკრივის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. „პაკმენმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ამცნო, რომ დიდი სპორტიდან წავიდა.

„ჩემი მიღწევებით მეც კი გაოცებული ვარ. ერთადერთი ვარ, რომელიც საჩემპიონო ქამარს 4 სხვადასხვა დეკადაში ფლობდა და ყველაზე ასაკოვანი მოკრივე ვარ, რომელსაც ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი მოუგია.

რთულია შევეგუო, რომ ჩემი, როგორც მოკრივის თავგადასავალი ფინიშს მიუახლოვდა, მაგრამ მინდა, კარიერის დასრულების შესახებ გამოვაცხადო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა და მინდა, მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ფილიპინელ ხალხს მენი პაკიაოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. მსოფლიოში საუკეთესო ქომაგებო, მადლობას გიხდით საოცარი მოგონებებისთვის. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ ამ არჩევანთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს. ოცნებებზე უარი არასდროს თქვათ, თავდაუზოგავად იმუშავეთ და ნახეთ, რა მოხდება.

მშვიდობით, კრივო. მადლობა, რომ ჩემი ცხოვრება შეცვალე და მომეცი შანსი, სიღარიბიდან გამოსავალი მეპოვა. შენი წყალობით უამრავი ადამიანის შთაგონება და უფრო მეტი სიცოცხლის შეცვლა მოვახერხე. არასდროს დამავიწყდება ის, რაც შენთვის გავაკეთე და ის, რასაც ჩემს ცხოვრებაში მივაღწიე. არ მჯერა, რომ საფინალო გონგის ხმა გავიგე“...

შეგახსენებთ, რომ მენი პაკიაოს ანგარიშზე 72 ბრძოლაა. ფილიპინელმა მოკრივემ 62-ჯერ იმარჯვა (39-ჯერ ნოკაუტით) 8-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა. კრივის ისტორიაში იგი ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი 8 სხვადასხვა წონით დივიზიონში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები