საგოლე გადაცემა სერკლთან - ჩაკვეტაძე ორივე გუნდში საუკეთესო იყო
Aa
Aa

საგოლე გადაცემა სერკლთან - ჩაკვეტაძე ორივე გუნდში საუკეთესო იყო

ბელგიის იუპილერ პრო ლიგის მე-9 ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ „სერკლ ბრიუგეს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა, რომელიც გენტელთა ძირითადში მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა, ასისტი მიითვალა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

„გენტი“ პირველ ტაიმში ჩამორჩა, თუმცა 64-ე და 73-ე წუთებზე ორი გოლი შეაგდო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მეორე გოლისას, საგოლე გადაცემა სწორედ „ჩაკვემ“ შეასრულა.

გიორგიმ მინდორზე 79 წუთი გაატარა და საკმაოდ აქტიური და პროდუქტიული იყო. მაგალითად, გამოცემა Sofascore-სგან ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება - 8.0 მიიღო. ბურთს 49-ჯერ შეეხო, კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყა, 2-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა - პირველად ამ მხრივ თავი 15 აგვისტოს, „მეხელენთან“ გამოიჩინა.

„გენტმა“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-12 ადგილზე აინაცვლა. გუნდი შემდეგ უქმეებზე პრო ლიგის მე-3 ადგილოსან „ანტვერპენს“ (ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება) სტუმრად შეხვდება. თუმცა, იმ თამაშამდე, ხუთშაბათს, ევროპა კონფერენს ლიგის ეგიდით, „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები