Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  20:19

''სჭირდება დრო ეტაპობრივი განვითარებისთვის'' - ბორდალასი მამარდაშვილზე

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ხოსე ბორდალასის ''ვალენსიამ'' გიორგი მამარდაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა, 20 წლის ქართველი მეკარე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, სასტარტოში ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დაბრუნდა.

მე-7 ტურში ''ვალენსიასა'' და ბილბაოს ''ატლეტიკის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ბასკებმა 69-ე წუთზე გახსენეს, ინიგო მარტინესის თავური დარტყმა სილესენმა ვერ მოიგერია, თუმცა ნიდერლანდელ კარის დარაჯს შეეძლო უკეთ ემოქმედა და გუნდის გოლისგან ეხსნა.

მე-5 დამატებულ წუთზე ბრაზილიელმა მარკუს ანდრემ ''ღამურები'' მარცხისგან იხსნა და ბორდალასის გუნდმა საშინაო შეხვედრაში ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:

''მამარდაშვილი ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა, მან სადებიუტო მატჩში ძალიან კარგად იასპარეზა და მის მიმართ მოლოდინი გაიზარდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მას სჭირდება დრო ეტაპობრივი განვითარებისთვის, რომ პროგრესი აჩვენოს. ლა ლიგის მატჩები ძალიან რთული სათამაშოა, აქ მისთვის ძალიან მაღალი მოთხოვნებია''.

შეგახსენებთ, ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში ''სევილიასთან'' შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი სასტარტოს მიღმა ყოფნა.

მამარდაშვილმა ''ვალენსიაში'' საუკეთესო მატჩი პირველ ტურში ''ხეტაფესთან'' ჩაატარა. ამ მატჩში შესრულებული ''სეივი''  აგვისტოს თვეში ლა ლიგაში საუკეთესოდ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage