„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის
მერაბ დვალიშვილმა იუთუბის საკუთარ არხზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს სიახლეები აცნობა. „მანქანას“ ახალი კერძო მწვრთნელი ჰყავს და ჯესი დოილი მას ჭიდაობაში ავარჯიშებს.
„დღევანდელმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. კონკრეტულ პოზიციებზე ვიმუშავეთ, რომლებიც პიოტრ იანთან ჩხუბისთვის დამეხმარება. ეს ჩემთვის მოსამზადებელი კემპივითაა. ბევრს ვლაპარაკობთ და ჭკვიანურად ვვარჯიშობთ, ეს კი სწორედ ისაა, რაც მჭირდება.
იანთან ბოლო ჩხუბის წინ ბევრს ვვარჯიშობდი, ახლა კი ჭკვიანურად ვვარჯიშობ. ვფიქრობ, მომდევნო ორთაბრძოლაში სხვანაირი შედეგი გვექნება და ჩემს საჩემპიონო ქამარს დავიბრუნებ“, — განაცხადა დვალიშვილმა.
„დღეს მერაბთან გალიის ღობესთან პოზიციებზე ვიმუშავებთ. პარტერში გადაყვანის მოძრაობებს, ზურგის აღებასა და ფინიშებს დავამუშავებთ. გვექნება ბევრი გრეპლინგი, თეიქდაუნები და თეიქდაუნების გამოყენება სტრაიკინგისთვის. მერაბი მრავალმხრივი მებრძოლია და საინტერესო იქნება“, — აღნიშნა დოილმა.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის მესამე ორთაბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა მერაბმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე პიოტრი იქნება. „მანქანის“ თქმით, UFC-ის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსს მიიღებს.