„განსაკუთრებული მსოფლიო არავის ჰქონია“ | აშერშურის მიხედვით, ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს
RMC Sport-ის საფეხბურთო გადაცემაში, L'After Foot-ში, „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული დაჯილდოების კანდიდატებზე ისაუბრეს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ვალიდ აშერშური გახლავთ და მისი აზრით, „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
„რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს ჯილდო მას უნდა გადაეცეს, რადგან არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა, რათა მის გუნდს დიდი ტიტულები მოეგო. კვარაცხელია საოცარი იყო და „პარი სენ-ჟერმენის“ თამაშებში გარდატეხა შეიტანა: „ჩელსისთან“ მატჩი, „ლივერპულთან“ დაპირისპირება, „ბაიერნთან“ შეხვედრა, რომელთანაც პირველ თამაშში მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო, საპასუხო მატჩში კი უსმან დემბელეს გადამწყვეტი პასი გაუკეთა.
კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მსოფლიო ჩემპიონატს ველოდებოდი და ჩემი აზრით, გამორჩეული არავინ ყოფილა. განსაკუთრებით — ტრიუმფატორ ესპანეთის ნაკრებში. ლამინ იამალსა და როდრის კილიან მბაპეზე უკეთესი მუნდიალი ნამდვილად არ ჰქონიათ. ოქროს ბურთის ჯილდოს მომგებმა ფეხბურთელმა გასაოცარი ინდივიდუალური თამაში უნდა აჩვენოს, რომელმაც მის გუნდს ტიტულების მოგების საშუალება უნდა მისცეს. მბაპეს ძალიან ძლიერი ინდივიდუალური სეზონი ჰქონდა, თუმცა არაფერი მოუგია, ეს კი სერიოზული დაბრკოლებაა.
რაც შეეხებათ როდრისა და იამალს, როდრის „მანჩესტერ სიტიში“ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. იამალს „ბარსაში“ კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატისას გამორჩეული არ ყოფილა და გარდამტეხი ეპიზოდები არ შემოუთავაზებია, რათა ოქროს ბურთი დაისაკუთროს.
პირადად მე, ოქროს ბურთს კვარაცხელიას გადავცემდი, თუმცა არ მგონია, მან ეს ჯილდო მოიგოს. მის კანდიდატურასთან მიმართებით დაბრკოლება მისი ეროვნებაა. მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია და ფავორიტები მბაპე და ჰარი კეინი არიან, თუმცა ხვიჩას შანსებიც მაღალია. ვნახოთ, „ასტონ ვილასთან“ სუპერთასის შეხვედრაში და „ლანსთან“, საფრანგეთის სუპერთასზე რა მოხდება“.
ცნობისთვის, Goal-ის მიხედვით, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტი ჰარი კეინია. მეორე ადგილზე ლამინ იამალი იმყოფება. ლიონელ მესი მესამე პოზიციაზეა, მის შემდეგ კი მაიკლ ოლისე და კილიან მბაპე მოდიან. როდრი მეექვსეა, ხვიჩა კვარაცხელია კი მეცხრე პოზიციას იკავებს. მას უსმან დემბელე და ერლინგ ჰოლანდი უსწრებენ.