Aa
Aa

"კმაყოფილი ვარ" - ლევანდოვსკის ოქროს ბუცი გადასცეს

გასულ სეზონში, ევროპის მასშტაბით, შიდა ჩემპიონატების ეგიდით ყველაზე მეტი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და ამის გამო პოლონელმა თავდამსხმელმა ოქროს ბუცი მიიღო. დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა. ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.

ოქროს ბუცის მიღების შემდეგ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა.

„ასეთი პატივით აღფრთოვანებული ვარ. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, გუნდელებს, მწვრთნელს, გულშემატკივრებს და მთელ მიუნხენის „ბაიერნს.“ ოქროს ბუცს თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიგებდი. სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რომ დააფასოთ ერთმანეთი, მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს და იყოთ ყოველთვის სამართლიანი ერთმანეთის მიმართ. შეეცადეთ და იყავით მისაბაძი სხვებისთვის. ამიტომაც ვუძღვნი ამ ჯილდოს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღე ჩემს გვერდით არიან. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩვენ ერთად მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რობერტმა ბუნდესლიგაში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 41 გოლი გაიტანა. ამ შედეგით კი პოლონელმა ბომბდამშენმა გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. საქმე ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულმა გერმანელმა 1971-1972 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები