ლორიას საიმედო თამაში  - UEFA-მ ქართველის ''სეივები'' გამოარჩია
Aa
Aa

ლორიას საიმედო თამაში - UEFA-მ ქართველის ''სეივები'' გამოარჩია

UEFA-ს კონფერენს ლიგის ოფიციალურმა გვერდმა Instagram-ში ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ორი გამორჩეული ''სეივის'' ვიდეო გამოაქვეყნა. კერძოდ, ტალინის ''ფლორას'' მეკარის, მატვეი ინონენისა და ''ანორთოსისის'' ქართველი მეკარის, გიორგი ლორიასი.

თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისი'' შინ ბელგრადის ''პარტიზანთან'' 0:2 დამარცხდა. 35 წლის გიორგი ლორიამ 2 გოლი გაუშვა, თუმცა ამ ეპიზოდში კვიპროსული გუნდი კიდევ ერთი გოლისგან იხსნა, მან ჯერ მასთან პირისპირ გასულ ფორვარდს აუღო და შემდეგ მეტოქის კიდევ ერთ შემტევს დაასწრო, ერთ შეტევაში ორი ''სეივი'' შეასრულა.

სერბულ გუნდთან გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი ნიკა ნინუა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო ქეცბაიას გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავამ ოფიციალურ მატჩში 2020 წლის 3 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, გასულ სეზონში იჯარით პოზნანის ''ლეხში'' ირიცხებოდა, თუმცა ევროპა ლიგაზე ლისაბონის ''ბენფიკასთან'' მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 27 წლის ფორვარდს დაახლოებით 10 თვე გაუცდა.

''ანორთოსისი'' შემდეგ მატჩს სტუმრად გიორგი ჩაკვეტაძის ''გენტთან'' 30 სექტემბერს ჩაატარებს. პირველ ტურში ''გენტმა'' სტუმრად ''ფლორა'' დაამარცხა (0:1), თუმცა ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები