საქართველოსა და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა
Aa
Aa

საქართველოსა და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სექტემბერში 2 საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩანიშნა. პირველი მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ დღეს, რუსთავში შედგა, 4 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 2-2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მატჩის გადარჩენა შეძლო. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან საბერძნეთის კარის აღება სტანდარტულიდან გივი ხაჩიძემ (81') და გაბრიელ სიგუამ (90+2') შეძლეს. 

ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩს რამდენიმე დღეში, 18 სექტემბერს გამართავენ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გიორგი ჩიტაურის გუნდმა ვიქტორ ბანნიკოვის მემორიალურ ტურნირზე იასპარეზა და საერთაშორისო ტურნირი მე-4 ადგილით დაასრულა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს, სადაც IV ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებს გაუწევს.

აღნიშნული მზადება კი სწორედ ამ საკვალიფიკაციო ეტაპს უკავშირდება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის მატჩებს მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართავს. 

გიორგი ჩიტაურის ნაკრების კალენდარი 

22 ოქტომბერი | საქართველო v ისლანდია

25 ოქტომბერი | უნგრეთი v საქართველო

28 ოქტომბერი | ესტონეთი v საქართველო

ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

ევროპის 17-წლამდე ნაკრებების 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის მაისში, ისრაელში გაიმართება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები