სენსაცია ოლიმპიადაზე - ოსაკა მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა
Aa
Aa

სენსაცია ოლიმპიადაზე - ოსაკა მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ჩეხმა ჩოგბურთელმა, მარკეტა ვონდროუშოვამ სენსაცია გამოაცხო და ოლიმპიურ თამაშებს ერთ-ერთი ფავორიტი, ნაომი ოსაკა გამოთიშა. ვონდროუშოვამ იაპონელი მეტოქე 2 სეტში დაამარცხა და 6:1, 6:4 სძლია.

პირველ სეტში ჩეხი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია. ოსაკამ მეორე პარტია უკეთ დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა ვონდროუშოვამ თამაშში გარდატეხა შეიტანა, წონასწორობა აღადგინა და 5:4-ზე მეტოქის ჩაწოდებაზე მატჩპოინტი გამოიყენა.

ვონდროუშოვამ ტოპ 10-ის წარმომადგენელი კარიერაში მეოთხედ დაამარცხა. ბოლოს მან ეს 2020 წელს, რომში გამართულ ტურნირზე გააკეთა. ოსაკას რაც შეეხება, ოაპონელმა ჩოგბურთელმა 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ჰარდზე მეოთხედფინალზე ადრე პირველად წააგო.

ვონდროუშოვა ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა და მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. იგი ბადოსასა და პოდოროსკას შორის საუკეთესოს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოსაკას ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ხვდა წილად და ქომაგები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები