ოლიმპიადაზე პირველი მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ესპანელით იწყებს
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა. ქართველი ჩოგბურთელი მედლისთვის ბრძოლას რობერტო კარბალეს ბაენას წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს.
ესპანელი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში 90-ე ადგილს იკავებს და ნიკოლოზი მასთან დაპირისპირებას ფავორიტის სტატუსით ხვდება. კარბალეს ბაენამ წლეულს 22-ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზე 9 მოგება და 13 მარცხია, ბასილაშვილთან კი 2018 წელს, 2:6, 3:6 დამარცხდა.
ესპანელი ჩოგბურთელის წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის საუკეთესოს შეხვდება, მე-3 რაუნდში კი სავარაუდოდ, ალექსანდრ ზვერევთან თამაში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე, ჩოგბურთელებს Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი გამოვა. ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მან პირველი წრე ვერ დაძლია და პაბლო კუევასთან დამარცხდა.