„დიდი ნაბიჯი აღიარებისკენ, რომელიც აკლდა“ | Rousing the Kop-ის სტატია მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის ლიგის თასზე, „ტოტენჰემთან“ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და ურთულესი ბურთები მოიგერია. ქართველი მეკარის კარგ თამაშს მერსისაიდულმა გამოცემამ, Rousing the Kop-მა სტატია მიუძღვნა და აღნიშნა, რომ „ლივერპულის“ მომდევნო ეტაპზე გასვლა მისი დამსახურებაა.
„დომინიკ სობოსლაი ყურადღების ცენტრში მოექცა და „ტოტენჰემთან“ მატჩის დამატებულ დროში სენსაციური ბურთი შეაგდო. მართალია, ეს გოლი იმსახურებდა, ნებისმიერი მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ 62-ე წუთზე შეყვანილ სობოსლაის მანამდე კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია და „ლივერპულის“ ფეხბურთელები მომდევნო ეტაპზე გასვლას გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდნენ.
„ენფილდზე“ გადასვლის შემდეგ მამარდაშვილს დიდი კრიტიკა შეხვდა და მიუხედავად „ტოტენჰემის“ კუთხურთან ვერგამკლავებისა, ქართველმა მეკარემ აჩვენა, გულშემატკივრებმა რწმენა რატომ არ უნდა დაკარგონ, რომ მომავალში ის ალისონს ღირსეულად ჩაანაცვლებს.
მამარდაშვილი „ლივერპულის“ გულშემატკივრებისგან უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე აქამდე მის მიმართ გამოჩენილა. ეჭვგარეშეა, რომ ის ბევრად უკეთესი გოლკიპერია, ვიდრე ქომაგთა გარკვეული ნაწილი თვლის. თუმცა ისიც აშკარაა, რომ 25 წლის ფეხბურთელს ბევრი აქვს მოსამატებელი, რათა ფანები დარწმუნდნენ, რომ ალისონის წასვლის შემდეგ გუნდის კარი უსაფრთხოდ იქნება.
ვიღაცებმა, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ გოლის ეპიზოდი გამოიყენონ იმის საბუთად, რომ გიორგის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ, იმ სამ მოგერიებას დააკვირდნენ, რომელთა წყალობითაც მამარდაშვილმა „ლივერპული“ თამაშში დატოვა. ქართველ მეკარეს მატჩის დასაწყისში ლუკას ბერგვალის დარტყმა რომ არ მოეგერიებინა, საერთოდ სხვა თამაში იქნებოდა. მეორე ტაიმში, მოჰამედ კუდუსის დარტყმისას, მან კარგი რეფლექსები გამოავლინა, თუმცა შეეძლო, ბურთი კარისგან უფრო შორს მოეგერიებინა.
მამარდაშვილს თითქოს მთელი თავისი შრომა წყალში გადაეყარა, როდესაც იმ კუთხურისას შეცდა, რომელსაც გალაჰერის გოლი მოჰყვა. „ლივერპულს“ კიდევ ერთი ბურთი რომ გაეშვა, ეს მის თავდაჯერებულობას კიდევ უფრო შეარყევდა და მის მიმართ არსებულ ისედაც უცნაურ ნეგატივს გააძლიერებდა. ამის ნაცვლად, „ვალენსიას“ ყოფილმა მეკარემ სიმტკიცე გამოავლინა და გააკეთა სეივი, რომელიც, შესაძლოა, „ლივერპულის“ მეკარეების მიერ ამ სეზონში შესრულებულ საუკეთესო მოგერიებად დასახელდეს.
ომარ მარმუშის დარტყმული ბურთი, რიკოშეტის შემდეგ, კარის ბადეში უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ არსაიდან მამარდაშვილი გაფრინდა, ხელი დატოვა და გარდა იმისა, რომ გუნდი გადაარჩინა, იმდენი მოახერხა, რომ ბურთი კუთხურზე გადააგდო. ეს იყო საოცარი მოგერიება, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. სობოსლაიმ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა, მაგრამ მამარდაშვილს მარმუშის დარტყმა რომ არ აეღო, ეს საერთოდ არ მოხდებოდა, რადგან სტუმრებს ფრთები შეესხმებოდათ და დაიჯერებდნენ, რომ მესამე გოლის გატანის ან პენალტების სერიაში გამარჯვების კარგი შანსი ექნებოდათ.
საბედნიეროდ, „ლივერპულის“ ბევრისგან გაკრიტიკებულ მეორე მეკარეს სრულიად განსხვავებული გეგმები აღმოაჩნდა. არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ მან ძალები სწრაფად მოიკრიბა, მატჩის გადამწყვეტი სეივი შეასრულა და ამით უდიდესი ნაბიჯი გადადგა „ენფილდზე“ გულშემატკივრების იმ აღიარებისკენ, რომელიც მას აქამდე აკლდა“, — წერს მერსისაიდული გამოცემა.
ცნობისთვის, მამარდაშვილისთვის ახალ სეზონში ეს პირველი შეხვედრა იყო. პრემიერლიგაში ანდონი ირაოლა ნდობას ალისონ ბეკერს უცხადებს და, ინგლისური პრესის მიხედვით, ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.