გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გამაოგნებელი მოგერიება“ | როგორ შეაფასა ინგლისურმა პრესამ მამარდაშვილის თამაში

გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის ლიგის თასზე, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ითამაშა. ქართველმა მეკარემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, რთული ბურთები მოიგერია და მის თამაშს მერსისაიდული პრესა გამოეხმაურა.

This is Anfield: „ღმერთო ჩემო, ამ ბიჭს პოზიტიური და ნეგატიური მომენტების კომბინირება როგორ უყვარს. მატჩის დასაწყისშივე, პირველ 60 წამში, მარტივი პასი უნდა გაეკეთებინა და ბურთი პირდაპირ აუტში გადააგდო, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ განსაცვიფრებელი სეივი შეასრულა და ლუკას ბერგვალს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აიღო.

კომპაქტურობა შეინარჩუნა და მოჰამედ კუდუსის დარტყმული ბურთი დიდებული რეფლექსური ნახტომით მოიგერია, თუმცა კუთხურის დროს, რომელსაც კონორ გალაჰერის გოლი მოჰყვა, დამაჯერებელი არ ყოფილა. ამის შემდეგ ცოტათი დაბნეული ჩანდა, სანამ ომარ მარმუშს არ აჯობა. ეგვიპტელის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულს მთელი ტანით გადაეფარა და დათვისხელა მკლავებით ბურთი შორს მოიგერია. მამარდაშვილი ბევრ ასპექტში აშკარად ძალიან მაგარი მეკარეა, მაგრამ იმისგან, რომ სტაბილურ მოთამაშედ ჩაითვალოს, ჯერ კიდევ შორს არის“.

Liverpool.com: „თუ ასეთ მატჩში არ მიეცემოდა დრო, აბა როდისღა უნდა ეთამაშა? პირველივე პასი აუტში გაგზავნა და ქომაგები გააღიზიანა იმან, რომ რამდენჯერმე ბურთზე სათამაშოდ კარის ხაზის დატოვება დააგვიანა, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან თანაგუნდელებთან შეუთამაშებელია.

მატჩის დასაწყისში ფეხი კარგად დატოვა და ლუკას ბერგვალის დარტყმული მოიგერია; მეორე ტაიმშიც შეასრულა სეივი, რომლის შესრულებაც ევალებოდა, თუმცა იმ კუთხურის დროს, როდესაც „ტოტენჰემმა“ ერთი გოლი გაქვითა, შეეძლო, უკეთესად ემოქმედა. თამაშის მიწურულს, კოკისპირულ წვიმაში, ომარ მარმუშის წინააღმდეგ შესრულებული უმაღლესი კლასის სეივი გადამწყვეტი აღმოჩნდა“.

Independent: „ლივერპულის“ მეორე მეკარემ, 0:0-ზე, ლუკას ბერგვალის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და რთული დარტყმა მოიგერია. იგივე გააკეთა მატჩის ბოლოსკენ, ომარ მარმუშის ეპიზოდის დროს, თუმცა „ტოტენჰემის“ კუთხურისას სუსტად გამოიყურებოდა“.

Liverpool Echo: „მაყურებლების მოთმინება რამდენჯერმე გამოცადა. ლუკას ბერგვალს ახლო მანძილიდან რთული ბურთი აუღო. მეორე ტაიმში მოჰამედ კუდუსის წინააღმდეგ კარგი სეივი შეასრულა, შემდეგ კი ომარ მარმუშს საოცარი ბურთი აუღო, თუმცა „ტოტენჰემის“ გოლის დროს არადამაჯერებელი იყო“.

Rousingthekop: „მატჩის დასაწყისში, როდესაც გოლი გარდაუვალი ჩანდა, ლუკას ბერგვალის დარტყმა ბრწყინვალე სტილში, ფეხით მოიგერია და მეორე ტაიმში მოჰამედ კუდუსსაც კარგად ჩაუწვა. კარგი თამაში ოდნავ გააფუჭა „ტოტენჰემის“ გოლისას, როდესაც კუთხურის დროს კონორ გალაჰერს „ლივერპულის“ კარის აღების საშუალება მისცა, თუმცა საკუთარი შეცდომა საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე გამოასწორა, როდესაც საოცარი ინსტინქტური სეივით ომარ მარმუშის დარტყმა მოიგერია“.

Sports Illustrated: „სენსაციური სეივი ძალიან ახლო მანძილიდან განხორციელებული დარტყმისას, რამაც „ტოტენჰემს“ დაწინაურების საშუალება არ მისცა. ამ მოგერიებამ თავდაჯერებულობა გაუზარდა და მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბრწყინვალე სეივი შეასრულა. კუთხურის დროს დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ მატჩის ბოლოს მისმა გამაოგნებელმა მოგერიებამ „ლივერპულს“ უპირატესობა შეუნარჩუნა“.

ცნობისთვის, „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „წითლების“ მხრიდან გოლები ალექსის მაკ ალისტერმა, კოდი გაკპომ და დომინიკ სობოსლაიმ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალიას მორიგი გოლი | მე-4 საგოლე მოქმედება მე-4 მატჩში
სალიას მორიგი გოლი | მე-4 საგოლე მოქმედება მე-4 მატჩში