სენ-ჟერმენმა არჩევანი გააკეთა - მხარდაჭერა ხვიჩას და დემბელეს
„ოქროს ბურთის“ გამოკითხვა და მისი საბოლოო გამარჯვებული ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ყველა თანხმდება, რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკაა და მეტი არაფერი. გალა დაჯილდოების მოახლოებასთან ერთად, ყველა კლუბი ყალიბდება თავის ერთ წევრზე და მისი მიზანმიმართული მხარდაჭერა იწყება. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ბუნებრივია „პარი სენ-ჟერმენია“, რომელსაც ნომინანტებს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტეს, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მათი მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა ხვიჩა კვარაცხელიას და უსმან დემბელეს ექნება. რაც შეეხება ფაბიან რუისს, რომელსაც ლუის ენრიკე თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ ფავორიტად ასახელებდა, ეს ვარიანტი გამორიცხეს, რადგან ტრავმის გამო საკლუბო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა და არცთუ სასახელო სტატისტიკა აქვს. იწერება იმის თაობაზეც, რომ ადრე თუ გვიან, პარიზელებს კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკის გამოჩენა მოუწევთ და ამ მხრივ გადამწყვეტი მომდევნო კვირას გასამართი „მარსელი“ - პსჟ-ს მატჩი უნდა იყოს და იქ რომელიც უკეთ იასპარეზებს, კლუბის ფავორიტიც ის გახდება.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიას და უსმან დემბელეს გარდა, „ოქროს ბურთის“ წლევანდელ 30 ნომინანტს შორის „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ რვა წარმომადგენელი, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, მარკინიოსი, ჟოაუ ნევეში, ვილიან პაჩო, ფერან ტორესი და ფაბიან რუისია შეყვანილი.