ლაპორტა:
Aa
Aa

ლაპორტა: "სუპერ ლიგის პროექტი ცოცხალია, ბოდიშს არ მოვიხდით"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ევროპის სუპერ ლიგის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და მის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ლაპორტას თქმით, ხსენებული პროექტი არ მომკვდარა.

პროექტი ცოცხალია, მე ამას კატეგორიულად ვაცხადებ. ჩვენ კვლავ ვცდილობთ დიალოგს უეფასთან. ტურნირის ორგანიზებისთვის ბოდიშს არ მოვიხდით. სანამ მე აქ ვარ, როგორც პრეზიდენტი, ჩვენ ბოდიშს არ მოვუხდით უეფას იმის გამო, რომ გვსურს ვიყოთ ჩვენივე ბედის პატრონები.

უეფა ჯარიმებით და ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვით დაგვემუქრა. დრომ დაადასტურა, რომ ჩვენ მართლები ვართ. მათ საქმე შეაჩერეს და შემდეგ სეზონში ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფეხბურთი გვიყვარს, რადგან ფეხბურთი რთულ ვითარებაშია. სახელმწიფო კლუბებს ბევრად უფრო მიმზიდველი შეთავაზებების გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ და ისინი აგრძელებენ ინვესტიციებს.

ახალგაზრდები საინტერესო მატჩების ყურებას ამჯობინებენ, აუდიტორია იკლებს, რის გამოც ფულის რაოდენობა მცირდება. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ყველაზე მიმზიდველი ტურნირი მსოფლიოში. უეფასა და ლიგებს ამ საკითხის განსახილველად ვეპატიჟებით.

ინგლისური კლუბები სუპერლიგის მამოძრავებელი ძალა იყვნენ, მაგრამ ისინი უეფას ზეწოლის შედეგად შეშინდნენ. ვფიქრობ, ახლა ისინი ინანებენ, რომ დატოვეს პროექტი და ნახეს, თუ როგორ დაიხია უეფამ უკან”, - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ESPN-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები