საკალათბურთო კლასიკა - დურანტის რეკორდი საკმარისი არ აღმოჩნდა, მილუოკიმ სტუმრად მოიგო
Aa
Aa

საკალათბურთო კლასიკა - დურანტის რეკორდი საკმარისი არ აღმოჩნდა, მილუოკიმ სტუმრად მოიგო

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა. იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდმა მე-7 შეხვედრაში „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხა და მისი მომდევნო მეტოქე „ფილადელფიასა“ და „ატლანტას“ შორის საუკეთესო იქნება.

„ბრუკლინისა“ და „მილუოკის“ მე-7 შეხვედრა ნამდვილი საკალათბურთო კლასიკა იყო. ორივე გუნდის ლიდერებმა წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი გაიღეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, „მილუოკი“ 4 ქულით იგებდა, თუმცა კევინ დურანტის ორი უმნიშვნელოვანესი სროლის შემდეგ, „ნეთსმა“ წონასწორობა აღადგინა - 109-109.

დამატებითი დრო „ბრუკლინის“ 2-ქულიანით დაიწყო, თუმცა დარჩენილ 4 წუთსა და 39 წამში „ნეთსმა“ ქულა ვერ დააგროვა, „მილუოკი“ კი იანის ანტეტოკოუნმპოსა და კრის მიდლტონის 2-ქულიანებით წინ გაიჭრა და საბოლოოდ 115-111 იმარჯვა.

„მილუოკის“ 40 ქულით, 13 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. „გრიკ ფრიკი“ NBA-ის ისტორიაში მე-5 კალათბურთელია, რომელმაც მე-7 შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. მიდლტონს 23 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ბრუკ ლოპესი 19 ქულით გამოირჩა, ხოლო ჯრუ ჰოლიდეი 13 ქულას დასჯერდა.

„ბრუკლინის“ რიგებში 48 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი იყო. „კეიდიმ“ NBA-ის ისტორიაში პლეიოფის მე-7 შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ამასთან, დურანტი მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 40 ქულა დააგროვა და მე-7 შეხვედრაში არც ერთი წამით დაუსვენია. „კეიდი“ ჯერი უესტსა და ოსკარ რობერტსონს შეუერთდა და აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა მე-7 შეხვედრა წააგო.

„კეიდის“ 22 ქულით ჯეიმს ჰარდენი დაეხმარა, თუმცა „წვერამ“ 17-დან მხოლოდ 5 ბურთი და 12-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ბლეიკ გრიფინს 17 ქულა ჰქონდა, ხოლო ბრიუს ბრაუნი 14 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რმ „მილუოკის“ მეტოქის ვინაობა 21 ივნისს, თბილისის დროით 04:00-ზე ჩანიშნულ შეხვედრაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები