პირველად კონფერენციის ფინალში - კლიპერსის სასწაული და ტერენს მენის გმირობა
Aa
Aa

პირველად კონფერენციის ფინალში - კლიპერსის სასწაული და ტერენს მენის გმირობა

„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა. ტაირონ ლუს გუნდმა „იუტა ჯაზთან“ სასწაული მოახდინა და „ჯაზმენებს“ კავაი ლეონარდის გარეშე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოუგო 131-119.

მესამე მეოთხედის სტარტზე „კლიპერსი“ 25 ქულით აგებდა, თუმცა თამაში შემოატრიალა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში იმ შეხვედრებში, რომლებშიც „იუტას“ მინიმუმ 25-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, „ჯაზმა“ 232-ჯერ იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამასთან, „კლიპერსი“ მე-6 ნომრად განთესილი მე-6 გუნდია, რომელიც კონფერენციის პირველ ნომერთან წაგებული საწყისი 2 მატჩის შემდეგ (7-თამაშიანი სერია იგულისხმება) მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა და სათქმელია ისიც, რომ „კლიპერსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში საკუთარ ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ყველასთვის მოულოდნელად, „კლიპერსის“ ლიდერის როლი ტერენს მენმა შეითავსა. ამ უკანასკნელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 39 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მენმა მესამე მეოთხედში 20 ქულა ჩააგდო, რაც „კლიპერსის“ საპლეიოფო რეკორდია. ტერენსს მხარი პოლ ჯორჯმა აუბა, რომელმაც 28 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. რეჯი ჯექსონი 27 ქულასა და 10 ასისტს დასჯერდა, ხოლო ბატუმმა და ბევერლიმ 16 და 12 ქულა დააგროვეს.

„იუტას“ რიგებში 39 ქულით, 9 მოხნითა და 9 ასისტით დონოვან მიჩელი გამოირჩა. როის ონილმა 21 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა. ჯორდან კლარკსონი 21 ქულას დასჯერდა, ხოლო ბოგდანოვიჩმა და გობერმა 14 და 12 ქულა მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ „კლიპერსი“ კონფერენციის ფინალში „ფინიქს სანსს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები