ატლანტას სასწაული და ფილადელფიას ანტირეკორდი - ჰოუქსმა - 26-დან მოიგო
Aa
Aa

ატლანტას სასწაული და ფილადელფიას ანტირეკორდი - ჰოუქსმა - 26-დან მოიგო

„ატლანტა ჰოუქსს“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასასვლელად ერთი მოგებაღა სჭირდება. ჯორჯიელებმა „ფილადელფია სევენთი სიქსერთან“ სერიის მე-5 შეხვედრაში მეტოქეს 109-106 სძლიეს და 3-2 დაწინაურდნენ.

„ფილამ“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და მეორე მეოთხედში 26 ქულით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. „ატლანტამ“ მესამე თორმეტწუთეული 4 ქულით მოიგო, ხოლო მე-4-ში მოწინააღმდეგეზე 21-ით მეტი ქულა ჩააგდო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„ფილადელფია” NBA-ის ბოლო 25 სეზონის განმავლობაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც 18-ქულიანი უპირატესობა პლეიოფის ზედიზედ 2 შეხვედრაში გაანიავა. ეს კი ტრეი იანგის საოცარი ასპარეზობის დამსახურება გახლდათ. „ატლანტას“ ლიდერმა პარკეტზე 40 წუთზე მეტი გაატარა და აქტივში 39 ქულა, 1 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა. იანგის გარდა, 19 ქულით ჯონ კოლინსი გამოირჩა. დანილო გალინარიმ 16 ქულა დააგროვა, ხოლო ლუ უილიამსის ანგარიშზე 15 ქულა იყო.

„ფილადელფიას“ რიგებში ემბიდი და კარი გამოირჩნენ. ჯოელმა 37 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა, ხოლო სეთი 36 ქულას დასჯერდა. საინტერესოა, რომ მეორე ნახევარში „სიქსერსის“ მხრიდან პარკეტიდან ბურთი ემბიდისა და კარის გარდა არავის ჩაუგდია. სხვათა შორის, „ფილას“ მე-5 მატჩის მესამე მეოთხედის მიწურულს გამარჯვების მოპოვების 99.7 პროცენტიანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ „ატლანტა“ 3-2-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 19 ივნისს გაიმართება და „ჰოუქსს“ სერიის დახურვის შანსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები