„გვითხრა, მოედანზე თავხედები იყავითო
Aa
Aa

„გვითხრა, მოედანზე თავხედები იყავითო" - შენგელია სანიოლზე

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა.  ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლევან შენგელია იყო. შენგელიამ ვილი სანიოლისა და გუნდის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგ სპეციალისტთან მუშაობა კომფორტულია.


„პირველ შეკრებაზე ერთმანეთის გასაცნობად დიდი დრო არ მოგვეცა. ჩამოვედით, კორონავირუსის ტესტი გავიკეთეთ და ორი მსუბუქი ვარჯიში მოვასწარით. რა თქმა უნდა, ტაქტიკაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეკრება გამოვიდა, ერთმანეთის შეხედულებებს გავეცანით. გვეუბნებოდა - თუ გამუდმებით იმაზე ვიფიქრებთ გოლი არ გავუშვათ და არ წავაგოთ, აუცილებლად წავაგებთ, ვითამაშოთ მაქსიმალური კონცენტრაციით, თავხედურად, დაძაბული მატჩი რომ არ გამოვიდესო. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იმ მატჩებში გამოგვივიდა.

რაც მთავარია, როცა მოედანზე ვართ, თამაშის საშუალებას გვაძლევს, არ ყვირის, არ გძაბავს. იყო მომენტები, როცა ფეხბურთელები შეცდომას ვუშვებდით, მაგრამ პირიქით, გვამხნევებდა. ეს ბევრს ნიშნავს, რადგან იმ მომენტში, როცა ფეხბურთელი შეცდომას უშვებს, ყვირილს არანაირი აზრი აღარ აქვს. პირიქით, ხელის შემშლელია. საქართველოშიც მყოლია მწვრთნელი და თურქეთშიც, ბურთს რომ დაკარგავ და შენს სახელს ყვირის, ეს რას ცვლის..."

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. ფრანგ სპეციალისტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მიმდინარე წელს სანიოლის გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ატარებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები