აშშ მუნდიალს მოიგებს | ალტიდორს არარეალური პროგნოზის გამო დასცინეს
როგორც Daily Mail წერს, ნიუ-იორკში, ერთ მზიან და ნოტიო დილას, აშშ-ის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჟოზი ალტიდორმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი რწმენით, ამერიკის ამჟამინდელ გუნდს ბოლომდე გასვლა შეუძლია.
„აშშ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს“, — ღიმილით დაარწმუნა ალტიდორმა შეკრებილი საზოგადოება. — „თუ ამის არ გჯერათ, მაშინ აქედან წადით“.
ალტიდორის ერთ-ერთი სპონსორის, Advil-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამსწრეებში ამ სიტყვებს სიცილი მოჰყვა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ტურნირში საფრანგეთის, ესპანეთისა და ინგლისის მსგავსი ნაკრებები მონაწილეობენ, რეალურად რა შანსი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს?
თავდამსხმელის აზრით, ეს იდეა არც ისე წარმოუდგენელია, როგორც სხვებს ჰგონიათ. „ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც ამას ვამბობ“, — განუმარტა ალტიდორმა Daily Mail-ს. — „იცით, თავად იმ გარემო პირობებსაც აქვს მნიშვნელობა, თუ სად ტარდება ტურნირი და ზოგადად, როგორ გამოიყურება დღეს ფეხბურთის თანამედროვე ლანდშაფტი.
დიდი ხნის განმავლობაში, გზა მწვერვალზე მყოფ მესისა და პიკში მყოფ რონალდუზე გადიოდა. ახლა კი, თუ მსოფლიო ფეხბურთს და წამყვანი მოთამაშეების განლაგებას შეხედავთ, ამჟამად არავინაა ისეთი გამოკვეთილი ფიგურა, ვინც არაამქვეყნიურ დონეს აჩვენებს, ასე არ არის?
ეს ბიჭები [მესისა და რონალდუს გულისხმობს] კარიერის მიწურულს არიან. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ყველასთვის ათანაბრებს შანსებს, რადგან ასპარეზიდან ქრება ის ერთგვარი „უცხოპლანეტური“ ფაქტორი, არა? როგორიც მესი იყო ამდენი ხნის განმავლობაში, ედენ აზარი, კრიშტიანუ და სხვები. ასე რომ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამას ვამბობ. ვფიქრობ, ახლა ძალები მთლიანობაში ბევრად უფრო თანაბარია“.
2026 წლის მუნდიალის D ჯგუფში აშშ-მ პარაგვაი 4:1 დაამარცხა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი დამიან ბობადილას ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც ფოლარინ ბალოგუნის დუბლი მოჰყვა, მაურისიომ ანგარიში შეამცირა, ამერიკელთა მე-4 გოლი ჯოვანი რეინას ანგარიშზეა. მეორე ტურში აშშ ავსტრალიას დაუპირისპირდება (19 ივნისი, 23:00), მესამე ტურში - თურქეთს (26 ივნისი, 06:00).
შეგახსენებთ, ჟოზი ალტიდორი აშშ-ს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, 2007-19 წლებში ეროვნულ ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა, ორი მუნდიალის მონაწილეა (2010, 2014).