4 თამაშში დასრულებული სერია - ფინიქსმა დენვერს მოუგო და კონფერენციის ფინალშია
Aa
Aa

4 თამაშში დასრულებული სერია - ფინიქსმა დენვერს მოუგო და კონფერენციის ფინალშია

დასავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. „ფინიქს სანსმა“ „დენვერ ნაგეთსი“ მეოთხე შეხვედრაშიც დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

არიზონელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგეს. მეორე თორმეთწუთეულში მათ მეტოქეზე 2-ით მეტი ქულა ჩააგდეს და გასახდელისკენ 8-ქულიანი უპირატესობით გაემართნენ. „ფინიქსმა“ მესამე მეოთხედშიც იმარჯვა და გადამწყვეტი პერიოდის წინ 13 ქულით იგებდა. „დენვერმა“ გაიბრძოლა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და „სანსმა“ 125-118 მოიგო.

„ფინიქსს“ 37 ქულით, 3 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით კრის პოლმა ულიდერა. დევინ ბუკერმა 34 ქულა ჩააგდო და 11 მოხსნა და 4 ასისტი გაიფორმა. მიკალ ბრიჯისის ანგარიშზე 14 ქულა იყო, ხოლო დეანდრე ეიტონმა 12 ქულა დააგროვა.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო უილ ბარტონი გახლდათ - 25 ქულა, 5 მოხსნა. ნიკოლა იოკიჩმა, რომელიც მესამე მეოთხედში უხეშობის გამო გააძევეს, 22 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მაიკლ პორტერ ჯუნიორი კი 20 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „ფინიქსისა“ და „დენვერის“ სერია დასრულდა და არიზონელები დასავლეთ კონფერენციის ფინალში „კლიპერსსა“ და „იუტას“ შორის საუკეთესოს შეხვდებიან. იმ სერიაში „იუტა“ 2-1-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები