შერმადინის 8 ქულა და 4 მოხსნა - ბარსელონამ ლენოვო ტენერიფე გაანადგურა
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა და 4 მოხსნა - ბარსელონამ ლენოვო ტენერიფე გაანადგურა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ლიგა ენდესას პლეიოფის ნახევარფინალურ სერიაში პირველი შეხვედრა გამართა და „ბარსელონასთან“ განადგურდა. „ბლაუგრანამ“ პირველი ტაიმი 7 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედში მეტოქეზე 22-ით მეტი ქულა ჩააგდო და საბოლოოდ, 112-69 იმარჯვა.

ანგარიშიდან გამომდინარე, „ლენოვო ტენერიფეს“ თავკაცს შერმადინი პარკეტზე დიდი ხნის განმავლობაში არ დაუტოვებია. გიომ თითქმის 18 წუთი ითამაშა და აქტივში 8 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა. შერმადინმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. გიომ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ბარსელონას“ მხრიდან 10-ქულიანი ნიშნული 6-მა კალათბურთელმა გადალახა. საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. ბოლმარომ 17 ქულა და 2 ასისტი მიითვალა. აბრინესი და კურიჩი 13-13 ქულით გამოირჩნენ. პაუ გასოლმა გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა, ხოლო სმიტსის ანგარიშზე 10 ქულა იყო.

პირველ შეხვედრაში განცდილი ფიასკოს შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ ვითარების გამოსწორების შანსი 9 ივნისს, საკუთარ კედლებში გასამართ მატჩში მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები