მიქაუტაძე: ''ეს ძალიან მახარებს... ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ''
Aa
Aa

მიქაუტაძე: ''ეს ძალიან მახარებს... ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ''

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად რუმინეთს ეწვია. "ჯვაროსნებმა" ნავსი გატეხეს და ისტორიაში პირველად რუმინეთს მოუგეს (1:2). საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი აბურჯანიას ანგარიშზეა.

ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის შემდეგ ფრანგული ''მეცის'' ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ instagram-ში დაწერა: ''ძალიან გახარებული ვარ ჩვენი გამარჯვებით და ჩემი პირველი გოლით საქართველოს ნაკრებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მრავალი გამარჯვებული საღამო გვეზეიმოს. მადლობა მხარდაჭერისთვის და თქვენი შეტყობინებებისთვის, ეს ძალიან მახარებს''.

შეგახსენებთ, 20 წლის მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი მიმდინარე წელს შვედეთთან გასვლით შეხვედრაში შედგა.

20 წლის მიქაუტაძემ ''სერენის'' რიგებში ბელგიის ჩემპიონატის 21 შეხვედრაში 19 გოლი შეაგდო და დანტე ვანზეირთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველი ფლეი-ოფის შეხვედრებში პროდუქტიული იყო და ''სერენს'' ელიტაში აღზევებაში დაეხმარა.

ლიგა 1-ის ''მეცის'' მთავარი მწვრთნელის, ფრედერიკ ანტონეტის განცხადებით ზაფხულში გიორგი მიქაუტაძე ბელგიური ''სერენიდან'' ფრანგულ კლუბში დაბრუნდება. გასული სეზონის მეორე ნახევარში ანტონეტიმ ფრანგულ მედიასთან საუბარში განაცხადა: ''გიორგის სტილის ფორვარდი არ გვყავს, მეტოქის საჯარიმოში ძალიან მოძრავია. მისი გვჯერა და ჩვენს გუნდში შანსს მიიღებს, ზაფხულში ''მეცში'' დაბრუნდება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები