„ჩემს ქალიშვილს ლუკმაპური წაართვა" - 14-დან 14 წაგების მქონე მოკრივემ ჯეიკ პოლი გამოიწვია
ბრიტანელმა მოკრივემ, ენდი ბიშოპმა, რომელსაც კარიერაში ყველა ბრძოლა წაგებული აქვს, იუთუბერი ჯეიკ პოლი გამოიწვია. ბიშოპს ტაისონ ფიურის ძმასთან, ტომი ფიურისთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ჯეიკ პოლის გამო ბრძოლა ჩაიშალა. ამ უკანასკნელმა დაბალი დონის მოწინააღმდეგეებთან ჩხუბის გამო ფიურის დასცინა და ვითარების შეცვლა სწორედ ამას მოჰყვა.
ფიურის წარმომადგენლებმა ახალი მეტოქის შერჩევა დაიწყეს და უარყვეს ის ვარაუდი, თითქოს ეს პოლის განცხადებების გამო გააკეთეს, თუმცა ბიშოპი სხვა აზრზეა. მან Sun-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ცნობილი იუთუბერი გამოიწვია.
„ჯეიკ პოლი ნამდვილი ჯამბაზია და დღეს დილით ინსტაგრამზე მივწერე. ის გახლავთ მიზეზი, რომლის გამოც ტომისთან ვეღარ ვჩხუბობ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. ვიცი, რომ არ მიპასუხებს, მაგრამ ვუთხარი, ის, რასაც ვფიქრობ.
ჩემს ხელებს მისი თავისკენ სიამოვნებით მივმართავდი და დღეს დილით სწორედ ეს ვუხსენე. მასთან ფულის გამო არ ვიჩხუბებ. შეუძლია, ნორსსაიდში კვირის ნებისმიერ დღეს მოვიდეს და მის წინააღმდეგ რამდენიმე რაუნდს სიამოვნებით გავმართავ. ჯეიკ პოლმა ჩემს ქალიშვილს ლუკმაპური წაართვა. კრივში ზუსტად ფულის გამო ვარ. ახლახან ჩემმა სამედიცინო ხარჯებმა 520 გირვანქა სტერლინგი შეადგინა და ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს.
პოლი კრივში მხოლოდ ერთი რამისთვისაა და ეს დიდი ფულია. ჩემთან ბრძოლა ამას არ მოიტანს, თუმცა მზად ვარ, მის წინააღმდეგ რინგზე უსასყიდლოდ გავიდე. ფული არ მჭირდება. ბედნიერი ვიქნები თუ პოლთან სპარინგს გავმართავ და ბრძოლის ჩატარება თუ მოხერხდა ხომ უკეთესი. მცირე შანსია, ეს მოხდეს, მაგრამ თავს უკეთ ვიგრძნობდი ტომისთან მომხდარის გამო ჩემი გაბრაზების გამოხატვა რომ შევძლო“.
ცნობისთვის, ბიშოპს კარიერაში 14 ბრძოლა აქვს გამართული და ყველაში დამარცხდა. 14-დან 12-ჯერ მან ქულებით წააგო, 2-ჯერ კი - ტექნიკური ნოკაუტით.