„რეალსა და ატლეტიკოს პრობლემები ექნებათ“ | ტებასი საკლუბო მუნდიალს აკრიტიკებს
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასში მონაწილე ესპანურ კლუბებს, „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ ტურნირი პრობლემებს შეუქმნის.
„ეს ტურნირი უბრალოდ ნონსენსია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ასეთი მოდელით ჩატარება ლა ლიგის ეკოსისტემას აზიანებს. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - როდის შეძლებენ „რეალი“ და „ატლეტიკო“ ლა ლიგაში მატჩების დაწყებას?“
დიდი ალბათობით, ორივე მადრიდული კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გადალახავს და პლეიოფში გავა, მეოთხედფინალები კი 4 და 5 ივლისს არის ჩანიშნული.
როგორც წესი, ესპანეთში სეზონი აგვისტოს შუა რიცხვებში იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს დასასვენებლად ნაკლები დრო დარჩებათ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის 2025-26 წლების სეზონი 17 აგვისტოს დაიწყება.
ტებასი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალი სეზონის კალენდარში ცვლილებების შეტანას და ჯერჯერობით „რეალის“ ან/და „ატლეტიკოს“ პირველი ტურის მატჩების გადატანა არ სურს.
„ამ საკითხს შევისწავლით, თუმცა სხვა ტურნირების გამო ჩვენი კალენდრის შეცვლას არ მივესალმები. ფიფაში გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, შემდეგ კი ფიქრობენ, რომ ყველა ლიგა მათ უსიტყვოდ დაემორჩილება. პირველ ტურში მადრიდული დერბის ჩანიშვნა შეუძლებელია“.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე „რეალის“ მეტოქეები „ალ ჰილალი“, „პაჩუკა“ და „რედ ბულ ზალცბურგი“ იქნებიან, ხოლო „ატლეტიკო“ „პარი სენ-ჟერმენს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება.