ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | ლაშა დვალის აღიარება ბულგარეთში
ბულგარეთის უმაღლესი ლიგის 35-ე ტურში სოფიის ცსკა 1948-მა ლაშა დვალის გოლით ლუდოგორეცი დაამარცხა. ამ გოლით ქართველმა მცველმა გუნდს კონფერენს ლიგის საგზური მოუპოვა. Sofascore-მა ლაშა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა (8,1 დაუწერა). ასევე, აღიშნულმა ვებგვერდმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ლუდოგორეცთან გატანილი გოლის შემდეგ ლაშა დვალი ბულგარულ მედიას ესაუბრა: „ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, გუნდს გოლის გატანასა და თავის დაცვაში დავეხმარო. ერთხელ ჩემი შეცდომის გამო წავაგეთ. ახლა ბედნიერი ვარ. კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და ჩვენი მიზანი მეორე ადგილია.
ვფიქრობ, ვაჩვენეთ, თუ რა გვჭირდება შემდეგი მატჩისთვის. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში უკეთესები ვხდებით. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, ამ მატჩსაც მოვიგებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილებისა და ემოციის შეგრძნება. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. კარგი ფეხბურთელები გვყავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი მიზნის მიღწევა“.
სოფიის ცსკა 1948 მეორე ადგილზეა, შემდეგ ტურში ლიდერ სოფიის ცსკა-ს დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონობა უკვე გაინაღდა. დერბი 25 მაისს გაიმართება.
ლაშა დვალმა 2025-26 წლების სეზონში ბულგარეთის ჩემპიონატსა და თასზე 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ამპლუით ცენტრალური მცველისთვის 6 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.