როდრიგო არსენალის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა
„არსენალს“ ვინგერის პოზიციაზე მთავარ სატრანსფერო სამიზნედ როდრიგო მიაჩნია. ამის შესახებ HandofArsenal-ი წერს.
ინგლისურ კლუბში მიაჩნიათ, რომ მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ტიტულების მოპოვებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი კლუბიდან, მათ შორის ფეხბურთელები, როდრიგოს ამ საკითხზე უკვე დაეკონტაქტნენ.
ჟურნალისტ, ხავიერ როდრიგეს პასკუალის ინფორმაციით, „არსენალი“ „რეალს“ სერიოზულ ფინანსურ წინადადებას გაუკეთებს, თუ ბრაზილიელი სატრანსფერო ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც იწერება, როდრიგო უკვე შეხვდა სამეფო გუნდის ახალ თავკაცს, ჩაბი ალონსოს, რათა კლუბში თავისი მომავალი განეხილა. თავად „რეალს“ ბრაზილიელის გაყიდვა არ სურს, თუ ამას თავად ის არ მოითხოვს.
24 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა და მის ხარჯზე, „რეალს“ შეუძლია თანხა მოიზიდოს, რაც ტრანსფერებისთვის სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, როდრიგომ 30 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა.