„მერაბის კარდიო მინდა. მერაბ, მასწავლე რა ვქნა“ | ტომ ასპინალის კომენტარი
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტომ ასპინალმა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებაზე გააკეთა კომენტარი. ასპინალმა Youtube-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და „მანქანაზე“ დეტალურად ისაუბრა.
„კარდიო მანქანა. არ მინდა, მისი გვარი არასწორად წარმოვთქვა და ამით მისდამი უპატიცემულობა გამოვიჩინო. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ომალიმ რემატჩი ეგრევე რატომ მიიღო. ალბათ იმიტომ, რომ პოპულარული მებრძოლია, ჩხუბებს ყიდის და მერაბს ამ დივიზიონში ყველა განადგურებული ჰყავს. მერაბი შეუჩერებელი იყო და იმას აკეთებდა, რაც სჩვევია.
ომალის დისტანციაზე ჩხუბი ძალიან უყვარს, მერაბი კი ამის საშუალებას არ აძლევდა. პირადად მე, ვთვლი, რომ მეორე რაუნდის შემდეგ, შონს ოქტაგონზე ყოფნა აღარ უნდოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. მეორე ბრძოლამ გამოაჩინა, რომ გასამართლებელი მიზეზები, რომლებიც პირველ ჩხუბში გამოიყენა, რეალობასთან ახლოს არ ყოფილა.
თქვა, რომ სოციალურ ქსელებში ბევრ დროს ატარებდა, ჩხუბს სერიოზულად არ მიუდგა, სფეროს განათებასაც დააბრალა რაღაც და საბოლოოდ, გამოჩნდა, რომ მისთვის მერაბის სტილი ძალიან უხერხულია. ომალი ამ სტილის წინააღმდეგ არაფერი გამოსდის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია.
სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში, მერაბი ყველასთვის უხერხული მეტოქეა. არავინაა, ვისთვისაც მისი სტილი მისაღებია. ის არც ერთი წამით არ ჩერდება და „მანქანა“ იდეალური მეტსახელია ასეთი მებრძოლისთვის. მერაბის კარდიო მინდა. მერაბ, მასწავლე რა უნდა გავაკეთო. ფორმაში ჩამაყენე, მზად ვარ“.
როგორც მოგეხსენებათ, „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.