1-ელ ივნისს ხაბიბ ნურმაგომედოვი სოხუმში მასტერკლასს ჩაატარებს
1-ელ ივნისს, სოხუმში UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მასტერკლასი ჩატარდება. ეს ინფორმაცია Sputnik-თან საუბრისას აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა და საბრძოლო კლუბის, „წმინდა გიორგის“ დამფუძნებელმა, თეიმურაზ გერგედავამ დაადასტურა.
„ნურმაგომედოვი ახალგაზრდა სპორტსმენების შეკითხვებს უპასუხებს, გაიმართება კლუბ წმინდა გიორგის მოსწავლეთა საჩვენებელი ბრძოლები და გამოვლენ აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო და ახალგაზრდა ლიდერები“, - განაცხადა გერგედავამ.
ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება და „დინამოს“ სტადიონზე, 19:00-ზე დაიწყება. ამ ღონისძიებაზე საზეიმოდ გაიხსნება პლატფორმა „აფხაზეთის მომავალი“, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების თანადგომასა და აყვავებული მომავლისთვის საჭირო რეფორმების გატარებაზე იქნება ორიენტირებული.
გერგედავას მიხედვით, საჩვენებელი ბრძოლების ფარგლებში 2 ბრძოლა შერეულ ორთაბრძოლებში გაიმართება, 2 კი ტაილანდურ კრივში. ერთ-ერთი მათგანი სატიტულოა და ინტერკონტინენტალური ლიგის ვაკანტური ქამრისთვის დავიდ ამიჩბა იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. მან კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.