ქავთარაძის ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის პრემიერ ლიგაში აღზევდა
Aa
Aa

ქავთარაძის ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის პრემიერ ლიგაში აღზევდა

საფეხბურთო კლუბი ''ნიჟნი ნოვგოროდი'', რომლის ღირსებას ბექა ქავთარაძე იცავს, შემდეგ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.

2020-21 წლების სეზონის რანგით მეორე ლიგაში ''ნიჟნი ნოვგოროდი'' 88 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. წესდების მიხედვით უმაღლეს ლიგაში ფლეი-ოფის გარეშე აღზევებას მხოლოდ პირველ და მეორე პოზიციაზე გასული კლუბები მოიპოვებენ, თუმცა მეორე ადგილზე გასულ ''ორენბურგს'' ლიცენზია არ მისცეს და მისი ადგილი ქავთარაძის გუნდმა დაიკავა.

''ორენბურგთან'' ერთად უმაღლეს ლიგაში ფლეი-ოფის გარეშე ''კრილია სოვეტოვი აღზევდა, რომელმაც სეზონი 101 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და ამასთან ერთად ლიცენზია მიიღო.

21 წლის ქავთარაძე ''ნიჟნი ნოვგოროდს'' გასულ ზამთარში შეუერთდა. მან რუსეთის ჩემპიონატის 10 მატჩში (8 სასტარტოში) 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. მან ყველა მატჩში ცენტრფორვარდის პოზიციაზე იასპარეზა.

მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ამ ეტაპზე ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი გადაწყვეტილი არაა. უახლოეს პერიოდში გაირკვევა დარჩება თუ არა ბექა ქავთარაძე ''ნიჟნი ნოვგოროდში''.

2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში ბექა ქავთარაძემ ''საბურთალოს'' რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქავთარაძეს ''საბურთალოს'' გარდა 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში, თბილისის ''დინამოსა'' და ''რუსთავში'' უთამაშია. ფეხბურთელისთვის ''ნიჟნი ნოვგოროდი'' პირველი უცხოური კლუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები