რომის მასტერსი: ნადალი VS ჯოკოვიჩი - მატჩის წინ
Aa
Aa

რომის მასტერსი: ნადალი VS ჯოკოვიჩი - მატჩის წინ

2021 წლის რომის მასტერსზე გულშემატკივრები მაგარ ფინალს იხილავენ! ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან. ორივე ჩოგბურთელმა ფინალამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა.

ნადალის განვლილი გზა ფინალამდე

ესპანელმა „მატადორმა“ რომში იანიკ სინერთან გამარჯვებით დაიწყო. ახალგაზრდა ტალანტის შემდეგ რაფაელმა მძიმე ბრძოლაში დენის შაპოვალოვი სამ სეტში დაამარცხა. მეოთხედფინალში ზვერევის ჯერი დადგა, ხოლო ნახევარფინალში ნადალმა ოპელკას აჯობა.

ჯოკოვიჩის განვლილი გზა ფინალამდე

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, სერბმა რომში გამარჯვებების სერია ტეილორ ფრიცთან გახსნა. მომდევნო ეტაპზე ნოვაკმა დავიდოვიჩ ფოკინას მარტივად 2 სეტში აჯობა. მეოთხედფინალი დრამატული აღმოჩნდა. რეიტინგის პირველი ნომერი სტეფანოს ციციპასს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 4:6 7:5 7:5 დაამარცხა. აღსანისნავია, რომ ხსენებული მატჩი შეწყდა და მეორე დღეს გაგრძელდა. სერბ ჩოგბურთელს მეოთხედფინალის და ნახევარფინალის გამართვა 1 დღეს მოუწია. ნახევარფინალში „ნოლემ“ ლორენცო სონეგო დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ნადალი VS ჯოკოვიჩი

ეს მოთამაშეები ისტორიაში ერთმანეთს 56-ჯერ შეხვდნენ. მცირე უპირატესობა ნოვაკს აქვს. ჯოკოვიჩი თავს 29 მოგებით იწონებს, ნადალი კი 27-ით.

მათი უკანასკნელი დაპირისპირება 2020 წელს, „როლან გაროსის“ ფინალში გაიმართა, სადაც რაფაელმა ნოვაკს შანსი არ დაუტოვა და სამ სეტში 6:0 6:2 7:5 დაამარცხა.

გამარჯვების შემთხვევაში ნადალისთვის ეს რიგით მე-10 რომის ტიტული იქნება. ჯოკოვიჩისთვის კი მე-6. ცნობისთვის, ეს მოთამაშეები რომის მასტერსზე ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს შეხვდნენ და ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:0 4:6 6:1 გაიმარჯვა. გასული წლის ჩემპიონი კი ჯოკოვიჩია.

ATP რეიტინგი

ATP-ს ცოცხალ რეიტინგში ჯოკოვიჩს 11063 ქულა აქვს. ფინალის მოგების შემთხვევაში ნოვაკს 11463 ქულა გაუხდება. რაც შეეხება ნადალს, ამ მომენტში მას 9230 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში საკუთარ რეიტინგს 9630 ქულამდე გაზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები