დაუმსახურებელი კრიტიკა და მძიმე ტრავმა - რატომ დანებდა ბილი ჯო სონდერსი
Aa
Aa

დაუმსახურებელი კრიტიკა და მძიმე ტრავმა - რატომ დანებდა ბილი ჯო სონდერსი

გასულ უქმეებზე კრივის გულშემატკივართა ყურადღება კანელო ალვარესსა და ბილი ჯო სონდერსს შორის გამართული ბრძოლისკენ იყო მიპყრობილი. მექსიკელმა შესანიშნავად იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

ყველაფერი მე-8 რაუნდში დასრულდა, როცა სონდერსის კუთხემ რინგზე თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგებმა ბრიტანელი მოკრივე გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ იგი მარტივად დანებდა და ბრძოლის გაგრძელება შეეძლო.

გულშემატკივართა შორის ბევრი იყო, ვინც ამ პოზიციას იზიარებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სონდერსის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გახლდათ. ბრძოლის შემდეგ ბრიტანელი დალასში მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ორბიტალური ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ბილი ჯოს პრომოუტერის, ედი ჰრინის მიხედვით, მას ამ დაზიანების გამო ძალიან, ძალიან დიდი ხნის გამოტოვება მოუწევს.

სონდერსის ტრავმისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მისმა მწვრთნელმა, მარკ ტიბსმაც ისაუბრა და განაცხადა: „მისი ორბიტალური ძვალი გატეხილი იყო და იგი ვერაფერს ხედავდა. კუთხეში ყოფნისას მისგან ის პასუხი ვერ მივიღე, რაც მინდოდა და ვიცოდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. მომიწია, დავნებებულიყავით... სონდერსს არ უთქვამს, რომ ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. მან გადაწყვეტილება მე მომანდო და ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღო. სიმართლე გითხრათ, ის იმ მომენტში უდიდეს ტკივილს გრძნობდა“.

ცნობისთვის, ბილი ჯო სონდერსი WBA-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, ფერნანდო ვარგასმაც გააკრიტიკა: „ისე ნებდები, როგორც ქალის სასქესო ორგანო? ამას ნამდვილად აკეთებ? „ღმერთო ჩემო, ჩემი თვალი“. კარგი რა, ეს დაუჯერებელია. ამის შემდეგ როგორ ბედავ და თავს ჩემპიონს როგორ უწოდებ? დედალი ძაღლივით დანებდი. შენ ამ სპორტისა და ყველა მამაკაცის სირცხვილი ხარ, რადგან მამაკაცი უბრალოდ არ ხარ. საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს“.

შეგახსენებთ, რომ კანელო ალვარესის ანგარიშზე 56 გამარჯვება, 2 ფრე და 1 მარცხია. კანელოს მომდევნო სამიზნე IBF-ის საჩემპიონო ქამარი გახლავთ, რომელსაც ამჟამად ამერიკელი კალებ პლანტი ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები